გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია მიიღო და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ. Слава Україні! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინისადმი საქართველოს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება.
„დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი, მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება, უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, იგივე შეცდომა არ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს. საქართველო, ომის დაწყების დღიდან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო, ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს კიევში ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადეთ, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას. საქართველოს პარლამენტმა ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს ვუმასპინძლეთ. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის, უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე, საქართველო მათი მეორე სამშობლო გახდა. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.