ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გაესაუბრნენ.
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ
პრეზიდენტის ადმკინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ტრამპის ადმინისტრაცია გამოასწორებს“.
„ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ქართველ ხალხთან ურთიერთობა და საქართველოსთან. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, აშშ-ს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცები რაოდენობით ავღანეთში.
ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა. ნაცვლად იმისა, რომ გვენახა გვერდში დგომა, ვნახეთ ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობა. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. იმედი გვაქვს გამოასწორებს. ჩვენ მზაობა გვაქვს. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გეოპოლიტიკურ ძვრებს ვხედავთ, რაც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, ასევე ვაჩვენოთ მზაობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
