LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტი შსს-ს წარმომადგენლის ნათესავია

354
ნინო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

გიორგობიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბრეგვაძე ის ერთადერთია, რომელმაც 19 ივნისის ღამეს პოლიცია გამოიძახა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ მოგვიანებით, ბრეგვაძემ, როგორც მისი ჩვენებებიდან ირკვევა, პატრულის თანამშრომლებს უთხრა, რომ კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – წერს ნინო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, დღეს სამოქალაქო აქტივისტმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფოტოგრაფის ოჯახის ნათესავი შსს-ს მაღალჩინოსანია.

magti 5g