„ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
განცხადების თანახმად, ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, „სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს“.
მისივე განმარტებით ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში:
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები.
ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს შარლ მიშელი.