LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავერდე“ – მიწისა და ვაზის ჰარმონია თითოეულ ბოთლში

377
შავერდე

ქართული ღვინის ბაზარზე ახალი ბრენდის დაბადება იშვიათადაა შემთხვევითი მოვლენა. როგორც წესი, მის მიღმა დგას წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ტექნოლოგიური ექსპერიმენტების დაუოკებელი სურვილი. სწორედ ხანგრძლივი და გულმოდგინე ძიების პროცესმა გამოიყვანა ფართო ასპარეზზე „გულორდავას საოჯახო მეღვინეობა“, რომელმაც იმთავითვე დაისახა მიზნად, ღვინო უბრალოდ პროდუქტი კი არა, ადგილობრივი მემკვიდრეობის გაგრძელება ყოფილიყო. ამ ხედვამ ტრანსფორმაციისკენაც უბიძგა ბრენდს და დღეს მიწისა და ვაზის ჰარმონიის შესახებ უკვე „შავერდეს“ სახელით გვიყვება.

ელენე სიგუა, მეღვინეობის „შავერდე“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი:

– ჩვენი მეღვინეობის სათავე არის არა რაიმე კონკრეტული მოვლენა, არამედ წლების განმავლობაში არსებული ენთუზიაზმი და ინტერესი ღვინის, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ. ტერუარულ და ტექნოლოგიურ ვარიაციებზე დაკვირვებამ და შესაბამისად, ღვინის სტილისტიკის მრავალფეროვნებამ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა და ბრენდის დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ისეთი ღვინის ასორტიმენტი, რომელიც მაქსიმალურად გამოხატავდა ქართულ ტრადიციებსა და ტერუარულ ავთენტურობას თითოეულ ბოთლში. ჩვენი პირველი მოსავალი სათავეს იღებს 2021 წლიდან, ბრენდმა ბაზარზე პოზიციონირება კი 2025 წლის ივნისიდან დაიწყო.

– როგორი წესით დაყენებულ ღვინოებს სთავაზობთ ბაზარს?

– ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს 40 სახეობის როგორც კლასიკური, ისე ქვევრისა და კასრის ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოს. ძირითადი აქცენტი გვაქვს მიკროზონებზე, იშვიათი ჯიშის ყურძენზე და ვფიქრობთ, სწორედ ეს ხდის პროდუქტს განსაკუთრებულს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვაქვს მინიმუმ ერთი ჯიში აღებული და ვცდილობთ, სრულად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის ტერუარი. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 15 ჯიშის ადგილობრივ ყურძნის ჯიშთან ვმუშაობთ, მათ შორის ისეთ იშვიათ ენდემურ ჯიშებთან, როგორებიცაა ოჯალეში, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, უსახელოური და ა.შ.

– თავდაპირველად ბაზარმა „გულორდავას საოჯახო მეღვინეობის“ სახელით გაგიცნოთ, თუმცა ამჟამად „შავერდედ“ პოზიციონირებთ. რამ განაპირობა ბრენდის სახელის ცვლილება და რას ნიშნავს ის?

– დიახ, თავდაპირველად ვპოზიციონირებდით როგორც საოჯახო მეღვინეობა, თუმცა წარმოების ხაზის გაზრდიდან და თავად საწარმოს გაფართოებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ბრენდის სრული ფორმირება, ამიტომ ბრენდის სახელის შეცვლა გადავწყვიტეთ,  თუმცა ლოგოტიპში შენარჩუნებული გვაქვს გულორდავას საოჯახო მეღვინეობის სახელწოდებაც, როგორც ბრენდის ისტორია. სახელი „შავერდე“ მოიცავს შავისა და მწვანეს გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიწისა და ვაზის ჰარმონიულობას გულისხმობს.

– მიმდინარე წელს შოურუმი გახსენით, რომელიც საღონისძიებო სივრცედაც გამოიყენება.

– ჩვენი შოურუმი 5 თვის წინ დავით გამრეკელის 20 ნომერში გაიხსნა. სივრცე გათვლილია ბიზნეს შეხვედრებისა და მცირე დახურული ღონისძიებებისთვის. ვინაიდან საწარმო ახმეტაში გვაქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვქონოდა სივრცე, სადაც მომხმარებელი სრული ასორტიმენტის გაცნობას და დაგემოვნებას შეძლებდა, ასევე, ჩვენი მეღვინეობის ფარგლებში მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებას.

– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

– ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ არა უბრალოდ ღვინოს, არამედ განსხვავებულ, სახასიათო გემოსა და არომატს, თითოეულ ბოთლში შენარჩუნებულ ჯიშურობას, ხასიათს. ისინი, ვისთვისაც ღვინო ხელოვნება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა.

– ხელმისაწვდომია თუ არა თქვენი პროდუქცია ყველა სეგმენტისთვის?

– ჩვენი საფასო პოლიტიკა ეფუძნება თითოეული ღვინის წარმოებისთვის გაწეულ შრომას, ხარისხსა და ბრენდის საერთო იმიჯს. თითოეული ბოთლის ღირებულება დგინდება ისე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მომხმარებლისთვის, თუმცა ფასი ხაზს უსვამს ბრენდის ექსკლუზიურ მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ღვინო არის კრაფტულად შექმნილი – ყველაფერი, ყურძნის კრეფიდან შეფუთვამდე, მაქსიმალურად ხელით კეთდება, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციაც შეზღუდული რაოდენობისაა, რაც მომხმარებლისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. გარდა ამისა, პერიოდულად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები და დეგუსტაციებიც, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, უკეთ გაიცნოს ბრენდი. ცხადია, მომხმარებელს საახალწლოდაც შევთავაზებთ წამახალისებელ აქციას, რომლის შესახებაც სულ მალე შეიტყობთ სოციალურ ქსელებში არსებული ჩვენი პლატფორმებიდან.

– ბაზარზე წარმატებულად პოზიციონირებისთვის, მომხმარებლის მხრიდან აღიარებასთან ერთად, სპეციალისტების შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ჯილდოების შესახებ მოგვიყევით, რომლებიც თქვენს მეღვინეობას მოუპოვებია.

– უპირველესად, ჩვენს უახლეს წარმატებას აღვნიშნავ, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე (International Wine & Spirit Competition 2026) მოვიპოვეთ. ეს კონკურსი საშუალებას იძლევა, კომპანიებმა საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ საკუთარი ღვინო, რომელიც ფასდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწინავე ღვინის ექსპერტების, ღვინის მასტერებისა და სომელიეების მიერ. წლევანდელ კონკურსზე „შავერდემ“ პირველად მიიღო მონაწილეობა და სამივე ღვინის ნიმუშმა მოიპოვა აღიარება – მივიღეთ ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია ჩვენ მიერ მოპოვებული ისეთი გავლენიანი ჯილდოებიც, როგორებიცაა: საერთაშორისო დონის  „Decanter WWA“, „Winehunter“, ადგილობრივ ბაზარზე არსებული „იმერული ღვინის კონკურსი“, „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ და ა.შ.

– ღვინის ფესტივალებში თუ მონაწილეობთ ხოლმე და თქვენი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზეც გავამახვილოთ ყურადღება.

– ვცდილობთ, ჩავერთოთ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალში, თუმცა არა მხოლოდ ცნობადობის გაზრდის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რაც შეიძლება მეტი სომელიეს, მეღვინისა თუ ღვინის კრიტიკოსის აზრი და გავითვალისწინოთ სამომავლო წინსვლისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოფენები მეღვინეობას ეხმარება გზა გახსნას ექსპორტისკენ. მაგალითისთვის, იტალიის ფესტივალზე უამრავი ადგილობრივი ჰორეკა პარტნიორი დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით, შესაბამისად, მიზნად გვაქვს, ჩვენი ღვინო ფართო ასპარეზზე მოხვდეს, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ, ავითვისოთ საერთაშორისო ბაზარი და, შეძლებისდაგვარად, მსხვილი მოთამაშეები გავხდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g