მტკვრის ორივე სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, კახეთის გზატკეცილი, ბელიაშვილის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, წერეთლის გამზირი – ეს დედაქალაქში ის მონაკვეთებია, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება და ბოლო წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის სხვა ადგილებში ავარია არ ხდება და ასეთი შემთხვევები მხოლოდ ამ მონაკვეთებზეა. პრობლემა ის არის, რომ აქ ყველაზე ხშირად ხდება ავარიები და თანაც, უმეტესად, კონკრეტულ წერტილებში.
სწორედ იმის გამო, რომ დედაქალაქში ე.წ. შავი წერტილები არსებობს, სპეციალისტები ყველაზე მნიშვნელოვნად ამ სახიფათო ადგილების მიზეზების დადგენას ასახელებენ.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ამ პრობლემურ მონაკვეთებზე მომხდარი ავარიის მიზეზებიდან პირველ ადგილზეა მანევრირების წესების დარღვევა, მეორეზე – მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება ხოლო მესამეზე საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა.
ჩამოთვლილი მიზეზები, როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმდენად ფუნდამენტურია, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილებზე მომხდარ ავარიებს ვერ მიეწერება.
„ფორტუნასთან“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა, განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ძირეული ცვლილებების გატარებაა საჭირო.
“პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროპული მითითებების დანერგვაზე. ამ სტრუქტურის პრიორიტეტებში ასევე უნდა შედიოდეს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების შესრულება,” – ამბობს მესხიშვილი.
მან ასევე ხაზი გაუსვა ე.წ. “შავი წერტილების” დადგენის მნიშვნელობას.
“გარდა სტატისტიკაში მოყვანილი ადგილებისა, თბილისში სხვა არაერთი ცხელი წერტილი არსებობს, მათ შორის ბელიაშვილის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, წერეთლის გამზირი და სხვა არაერთი. სწორედ ამიტომ აუცილებელია, დადგინდეს „შავი წერტილები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე საჭიროა, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები შესწავლილი უნდა იქნას კომისიური წესით სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით,” – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე განმარტებით შესწავლა უნდა მოიცავდეს გზის საფარს, საგზაო ნიშანს, მონიშვნას და სხვა გარემო პირობებს.
“აუცილებელია “ზებრა” გადასასვლელების სწორ ადგილებში მონიშვნა. ქალაქში არა ერთ ადგილზე შეხვდებით ზებრა გადასასვლელს ოთხზოლიან გზაზე, რაც ყოვლად მიუღებელია. არის ისეთი ადგილებიც, სადაც შუქნიშანი ქვეითსა და ავტომობილს ერთდროულად რთავს მოძრაობის ნებას, რაც ასევე კატეგორიულად მიუღებელია,” -განაცხადა მესხიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეითი უნდა სარგებლობდეს უპირატესობით. თუმცა, როგორც აღნიშნავს, „ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ყოვლად მიუღებელია ყოველთვის მძღოლის დადანაშაულება. სწორედ ამისთვისაა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები”.
“საბოლოო ჯამში შემიძლია, ვთქვა, რომ მიზეზი მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე ადმინისტრაციულ და ადამიანურ ფაქტორებს. გამომდინარე იქედან, რომ მიზეზი ერთდროულად ბევრ რამეში მდგომარეობს, მომავალში უბედური შემთხვევების პრევენციისათვის კომპლექსური ზომების გატარებაა საჭირო,” – ამბობს ის.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისათვის უკვე არაერთი მექანიზმი გააქტიურეს.
„მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, ჭკვიანი კამერები, აქცია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და სხვა არაერთი მექანიზმი, უკვე მოქმედებაშია და მიზნად ისახავს სწორედ ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,“ – განაცხადეს შსს-ში.
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
შსს-ს სტატისტიკას მიხედვით, 2011 წლიდან ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებდა. ზოგადი სტატისტიკის ფონზე, იზრდება უბედური შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქშიც.
თბილისში 2016 წელს მომხდარი რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 3, 264. აქედან დაიღუპა 98 და დაშავდა 4, 173 ადამიანი.
ამ მონაცემების მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს თბილისში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა.
თათია მეგენეიშვილი