ქ. ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს – Green Energy Corridor Power Company (GECO POWER COMPANY) რეგისტრაციის პროცესი.
ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას. საწარმო პირველ ეტაპზე მწვანე ენერგიის დერეფნის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის, ხოლო ფართო კონტექსტში – სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.
წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1300 მგვტ იქნება.
პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.
წყალქვეშა კაბელის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2030 წელს დასრულდება.
Green Energy Corridor Power Company-ს (GECO POWER COMPANY) დამფუძნებლები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯი“, საქართველოს მხრიდან – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრეთის მხრიდან – MVM Energy Private Limited Company, ხოლო რუმინეთის მხრიდან – National Power Grid Company Transelectrica S.A.