10 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ რეპერი მასტერი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა თავის შემოქმედებაზე, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „არ დამელოდო“ წარუდგინა.
ვისაუბროთ შენს ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარზე, „კვარას სიმღერა“ , როდის დაიბადა ამ სიმღერის იდეა?
ხვიჩასთან ვმეგობრობ და იმ ძალიან მაგარი თავგადასავლის მერე, რაც მან ნაპოლიდან შემოგვთავაზა, რატომღაც მომივიდა იდეა, რომ მასზე სიმღერა გამეკეთებინა და ავირჩიე ის ინსტრუმენტალი, რომელ ინსტრუმენტალზეც ძალიან ხშირად მღერიან ხოლმე სტადიონებზე საფეხბურთო ჰიმნებს და აქედან გამომდინარე გავაკეთე ეს სიმღერა, რომელსაც მილიონამდე ნახვა აქვს, მოეწონა ყველას და არის შემოთავაზებები, რომ სტადიონზეც გაჟღერდეს.
რა საინტერესო სიახლეებია შენს შემოქმედებაში და როგორია სამომავლო გეგმები?
შარშან, დაახლოებით 23 სიმღერა გამოვუშვი და აქედან ძალიან ცოტაზე გაკეთდა კლიპი, მხოლოდ 3 კლიპი გამოვუშვი, მეტი არა. ძალიან პასიური წელი მქონდა შარშან, 2012 წლის მერე ასეთი პასიური არ ვყოფილვარ. ძალიან ბევრი სხვა საქმე მქონდა, რესტორნის მართვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ბევრი დრო წაიღო და ცოტა პასიურობა მომიწია. ჩემთვის პასიურობა იყო ის 3 კლიპიც, რადგან არ შემიძლია, თუ ახალი სიმღერა არ ჩავწერე, ახალი კლიპი არ გადავიღე. შვილს რომ კარგ განათლებას მისცემ და რომ მიხედავ, ასე არის ჩემთვის სიმღერაზე კლიპის გადაღება. წელს ვაქტიურობ, თებერვალში პირველი კლიპი უკვე გამოვუშვი და ამ თვეშივე ვგეგმავ მეორე კლიპის გამოშვებას. ესე მივყვები, რადგან მინდა ყველა სიმღერა დავდო, რაც გაკეთებული მაქვს.
ვფიქრობ, წლის განმავლობაში 3 კლიპიც არ არის ცოტა…
ცოტა არ არის, ქართული მეინსტრიმისთვის ცოტა კი არა, ძალიან ბევრია, მაგრამ მე არასდროს ვუყურებდი იმ სვლას, რომელი სვლითაც ქართული შოუბიზნესი მიდის. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ მე ჩემი გეგმები და გრაფიკი მაქვს ყოველთვის, აქედან გამომდინარე, ცოტა არ არის, მაგრამ ჩემთვის იყო ცოტა. მე ახალ სიმღერას ასე ვწერ, გავიღვიძებ, მომინდება ახალი სიმღერის დაწერა, ნულიდან დავიწყებ და საღამოს უკვე „იუთუბზე“ მოისმენს ჩემი მსმენელი, ასე სწრაფად ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, კლიპებს ასე მალ-მალე ვერ დაგეგმავ, მაგრამ მინდა, რომ კლიპის სახით მივაწოდო მსმენელს ის სიმღერები, რომლებიც მგონია, რომ ჰიტი იქნება და რომელთაც განსაკუთრებულად შეიყვარებენ.
რამდენად მარტივია იმის წინასწარ პროგნოზი გაჰიტდება თუ არა ესა თუ ის სიმღერა?
18 წელია უკვე ამ საქმეში ვარ და უკვე ვხვდები, ჩემი მსმენელი რას განსაკუთრებულად მიიღებს და რას – არა. ვერ ვიტყვი, რომ მთელს კარიერას და რეპერტუარს ამაზე ვაგებ, რადგან მაქვს ისეთი სიმღერები, რომელთაც თავიდანვე ვიცი, რომ ძალიან ცოტა ნახვა და ძალიან ცოტა გამოხმაურება ექნება, მაგრამ მე ის უნდა ვთქვა, ეს ჩემთვის მუსიკალური დღიურებივითაა. რასაც ვგრძნობ, ის უნდა ვთქვა და რამდენად შორს წავა, მაგაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არის ისეთი სიმღერებიც, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. მაგალითად, შარშანწინ პატარა, 14 წამიანი მონაკვეთი დავდე ერთი სიმღერიდან, რომელზეც დღემდე მწერენ, როდის გამოვაო. ზუსტად ვიცი, როგორ შეიყვარებენ და პირობას ვდებ, რომ რამდენიმე თვეში გამოვა. სიმღერა უკვე მზად არის, უბრალოდ, მინდა, რომ კლიპი გადავიღო. მე არასდროს არ ვაკეთებ ისე, რომ ჯერ სიმღერა ავტვირთო და მერე ამაზე კლიპი გადავიღო, ერთდროულად ვუშვებ ხოლმე, თან ჩემთვის ყველა სიმღერას თავისი მონახაზი და მხატვრული სცენარი აქვს. დაახლოებით 10 კლიპი მინდა, რომ გამოვუშვა.
ძირითადად ვინ მუშაობს ხოლმე შენს კლიპებზე?
გიორგი ჩეკურიშვილი არის ის მთავარი დამდგმელი-ოპერატორი, რომელთან ერთადაც ბოლო 3-4 წელია ვიღებ კლიპებს. კლიპების რეჟისორი მე ვარ, მე ვწერ სცენარს. სიმღერებზე მარტო ვმუშაობ, ტექსტი, მუსიკა, ყველაფერი ჩემია.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს შავი პრინცის ძალიან ცნობილი სიმღერა იყო, ერთ გოგოსთან, ტიტისთან ერთად ასრულებდა. სიმღერას „არ დამელოდო“ ერქვა და ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა. 4 თებერვალს დაიდო კლიპი, შავი პრინცის გარდაცვალების 4 წლის თავს დავამთხვიე. დაახლოებით 2 კვირით ადრე მომივიდა ამ სიმღერაზე იდეა. ჩავწერე თავიდან ბოლომდე, ინსტრუმენტალი ახლიდან ავაწყვე და მერე, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ლიცენზია, საავტორო უფლებები ყველაფერი დავიცავით და კლიპიც გადავიღე. გავაკეთე ისე, რომ მისამღერი შავი პრინცის და ტიტის შესრულებით დავტოვე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შავმა პრინცმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ჰიპ-ჰოპში. ის არის ფუძემდებელი, ქართული ჰიპ-ჰოპი ქუთაისიდან წამოვიდა. მინდა ვთქვა, რომ ლეგენდები არ კვდებიან და არც სიმღერებს აქვთ დრო.
რას იტყვი რეპერების ახალ თაობაზე?
სხვათა შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა, არიან ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგ პროდუქტს ქმნიან და რაც მთავარია, მათ უსმენს ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ღიაა კარები ტელევიზიებში „ჰოპ-ჰოპისთვის“, თუმცა არსებობენ რადიოები, მაგალითად ჰოლდინგი „ფორტუნა“, სადაც ყოველთვის შეიძლებოდა ჰიპ-ჰიპის ტრიალი. მე იმას არ ვამბობ, რომ ცენზურაა და დაბლოკილი ხარ, მაგრამ იმხელა მხარდაჭერა არ აქვს ჰიპ-ჰოპს, ეს ყოველთვის ასე იყო ყველგან.
შენი ვიდეო კლიპების პრემიერაც ძირითადად შენს „იუთუბ“ არხზე ხდება და არა ტელევიზიაში…
იმდენჯერ მქონდა იმედგაცრუება და იმდენი უარი მივიღე თავის დროზე, ძალიან ადრე, რომ მაგის მერე გადავწყვიტე უფრო სოციალურ ქსელში მეაქტიურა. იმის მერე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა და ბევრ შოუში მქონდა პრემიერა, მაგრამ ახლა ხანდახან მე თვითონ არ მაქვს ხოლმე ტელევიზიაში წასვლის სურვილი.
მასტერი, შავი პრინცი & ტიტი – არ დამელოდო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მასტერი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი