მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „ლიდერ კრედიტი“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჭრილში, 1 მარტიდან კამპანია „შეცვალე მომავალი“ წამოიწყო, რომელიც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობისას მომხმარებელს ქველმოქმედებაში ჩართვის საშუალებას აძლევს.
თეონა ჯოხარიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ლიდერ კრედიტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– დღეს, როცა პროდუქტზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია და კომპანიებში კონკურენციაც გამძაფრებულია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზება. შესაბამისად, მომხმარებლები არჩევანის გაკეთების დროს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას, როგორიცაა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ეს მიმართულება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცეს, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კამპანია, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ქველმოქმედებაში ჩართვის საშუალებას მისცემდა. კამპანია „შეცვალე მომავალი“ გულისხმობს იმას, რომ თითოეული გზავნილიდან და კონვერტაციიდან შემოსული 10 თეთრი სპეციალურ ფონდში გადაირიცხება, შეგროვებული თანხა კი მზრუნველობამოკლებული ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდება. პროექტი პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ეს თარიღიც სიმბოლურად შევარჩიეთ, რადგან 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
რაც შეეხება თანხას, რომელიც შეგროვდება, გვინდოდა, ის ისეთი ორგანიზაციის ხელში მოხვედრილიყო, რომელმაც ზუსტად იცის რაში და როგორ გადაანაწილოს ის. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციას „კარიტასი”, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ მასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, შესაბამისად, შეგროვებული თანხა იმ ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდება, რომლებსაც „კარიტასი“ ეხმარება.
– რა საჭიროებებზეა საუბარი?
– ეს საჭიროებები „კარიტასთან“ მოლაპარაკებების დროს გამოვკვეთეთ. თავდაპირველად სწავლის დაფინანსებას განვიხილავდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი განათლების მიღება უნივერსიტეტამდე მისასვლელად უფრო მეტად სკოლის მოსწავლეებისთვისაა მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ თანხის დივერსიფიცირება მოხდება ისეთ საჭიროებებზე, როგორებიცაა: რეპეტიტორის აყვანა, სახელმძღვანელოებით მომარაგება, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან, შესაბამის ფორმის შეძენა და ა.შ.
– როგორია ამ დროისთვის სტატისტიკა მომხმარებლის კამპანიაში ჩართულობის თვალსაზრისით?
– თავდაპირველად თანხა ნელა გროვდებოდა, რადგან მომხმარებელმა არც იცოდა კამპანიის შესახებ, მაგრამ რაც უფრო გავრცელდა ინფორმაცია, შედარებით გაიზარდა მომართვიანობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხაც მეტი შეგროვდება. გარდა ამისა, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ გადაამოწმონ, რა თანხაა შეგროვებული. მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. ამ დროისთვის უკვე 3000 ლარს გადასცდა. იმედი გვაქვს, პირველი ივნისისთვის სოლიდურ თანხას მოვუყრით თავს.
– საუბრის ბოლოს „ლიდერ კრედიტთან“ დაკავშირებული სიახლეც გაგვიზიარეთ.
– სიამოვნებით. სულ ახლახან გურამიშვილის გამზირზე კიდევ ერთი ფილიალი დაგვემატა და ჯამში, საქართველოს მასშტაბით, უკვე 30 ფილიალი გვაქვს. ის, რომ ყოველწლიურად ვიზრდებით და ვფართოვდებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ზემოთ ნახსენები პროექტიც ამის მაჩვენებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი წარმატება სხვებსაც უნდა გავუზიაროთ.