საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ჩატარებული შედეგების ანგარიში წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა გახსნა და გაწეული სამუშაოსთვის პროექტის მონაწილე მეცნიერებს მადლობა გადაუხადა.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, პალეობოტანიკის, მოლეკულური გენეტიკის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ. სწორედ ამ შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და ის მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
როგორც ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ კეზელმა სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern) წარსდგა. როგორც ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, არსებობს გარკვეული წესები და შეთანხმებები. ფართო საზოგადოება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევის საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ხანში მიიღებს.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მოსაზრებები შეაჯერეს. მეცნიერთა ჯგუფის შეკრება ქალაქ ბორდოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში გაიმართა. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, აშშ-დან.