LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლებენ თუ არა ერთსქესიანი წყვილები სუროგაციის მეთოდით საქართველოში დაბადებული ბავშვის აყვანას?

707

საქართველოს კანონმდებლობით, შეუძლებელია, სუროგაციის მეთოდით, საქართველოში დაბადებული ბავშვი, საზღვარგარეთ, ერთსქესიანმა წყვილმა იშვილოს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ამგვარი ფორმით შვილად აყვანა იქნება შეუძლებელი და დოკუმენტურად ეს ვერ გაფორმდება.

”ჩვენი კანონმდებლობით გაფორმების შემთხვევაში, ამგვარი შესაძლებლობა არ არსებობს და ერთსქესიანი საქართველოში სუროგაციის მეთოდით დაბადებულ ბავშვს ვერ იშვილებს. თუმცა აქვე უნდა განიმარტოს, რომ შვილად აყვანა სხვა პროცედურაა, რომელიც სხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტში კი საუბარია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების თავდაპირველ რეგისტრაციაზე” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, კანონპროექტი სუროგაციის მეთოდით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის პროცედურის გამკაცრებას გულისხმობს. ახალი რეგულაციების მიხედვით, სუროგაციის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იქნება მითითებული.

”ცვლილებების მიხედვით, ვიდრე ქართული კანონმდებლობით არ იქნება დადასტურებული, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვზე უფლებამოსილების მატარებელ პირებს ახალშობილის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება აქვთ,  იქამდე ბავშვის გაყვანა შეუძლებელი იქნება. ამ სფეროს სჭირდება მოწესრიგება, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანს და ეს არ უნდა იყოს ღია ბაზარი” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რომლებიც, შესაძლოა, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ შეექმნათ, თუ აღნიშნული სფერო საკანონმდებლო დონეზე არ მოწესრიგდება.

”საფრთხე ბევრნაირი შეიძლება იყოს. თეორიულად ყველა ის რისკი, რომელიც ადამიანის ექსპლუატაციაში შეიძლება გამოიხატებოდეს, არსებობს, აქედან გამომდინარე, მათ შორის, შესაძლოა, იყოს ტრეფიკინგისა და ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეები” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g