ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ განიხილება, პირიქით არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა ის გაზარდოს კიდეც. როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ინფლაციის შემცირებაზე გამყარებული ლარის კურსი დადებითად მოქმედებს, ხოლო პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შიდა მოთხოვნა პირიქით მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
“წინასწარ არ ვაცხადებთ გადაწყვეტილებებს და ვერც გავაცხადებთ, რადგან ჯერ სხდომა უნდა შედგეს, აქედან გამომდინარე თავს შევიკავებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ისევ მაღალია რისკები. როგორც მინიმუმ შემიძლია ვთქვა, რომ განაკვეთი არ შემცირდება ხვალინდელი მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე. იქნება თუ არა გამკაცრება, ამაზე დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ. არის ფაქტორები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს. მოგეხსენებათ, რომ გაცვლითი კურსი არის საკმაოდ სტაბილური და მყარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს, სხვადასხვა საქონლის ფასები გლობალურად იკლებს. ასევე დაკლებულია გადაზიდვის ღირებულებაც. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს. თუმცა, ქვეყანაში ნარჩუნდება პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც ანელებს ინფლაციის შემცირებას, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუ საჭიროება იქნება, გავამკაცროთ კიდეც განაკვეთი, როგორც რეფინანსირების განაკვეთით, ასევე სხვა მაკრო-პრუდენციული ზომებით. პროგნოზი ძალაშია, სადღაც წლის მეორე ნახევარში სამიზნესთან უნდა იყოს წლიური ინფლაცია,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტიდან მოყოლებული 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რეფინანსირების განაკვეთი 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო წლიური საშუალო ინფლაცია 5.3%-ზე იქნება.