„ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რეაქციები არის გადაჭარბებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დონალდ ტრამპის და მარკო რუბიოს განცხადებებზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები უნდა იყოს შეშფოთების საგანი ქართული საზოგადოებისთვის და არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი მილოცვა და ობიექტური დამოკიდებულება უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული.
„რუბიოს ამ წერილის ინტერპრეტაციაზე იყო შეშფოთება – რატომ თქვა ამ კაცმა ასე. და ტრამპის ერთ ჩვეულებრივ მილოცვაზე, ობიექტურ დამოკიდებულებაზე იყო რამე. პირდაპირ ვამბობ, არც აღსაფრთოვანებელია არაფერი იმაში, რომ ადამიანი ობიექტურად ამბობს სიმართლეს, მოცემულობით ვართ აღფრთოვანებული და ვაიმე, რა მაგარია – ესეც გადაზედმეტებულია.
შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, ესეც შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რა მოხდა ისეთი, დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე, რუბიოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომ ქართველ ხალხს [მიულოცა], აქაც რა არის შესაშინებელი? წინა დღეებშიც, [მარკო რუბიომ] ჟურნალისტს რაღაც პასუხი გასცა ზოგად კონტექსტში და ერთი მხრივ პანიკა, მეორე მხრივ რაღაც სიხარული – გადაჭარბებული რეაქციებია“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამდენი ხნის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს.
„ჩვენ გვაქვს ერთი სამწუხარო რეალობა: ობიექტურად, ვცდილობთ რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე. რეალურად, ცუდია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში – არგუმენტს იშველიებენ, რომ ვერ მოიცალეს. რა ვერ მოიცალეს? არ ვართ ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა უკვე მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ჩვენ არც მარტივი ქვეყანა ვართ. ჩვენთან რომ ომი დაწყებულიყო, აქ, რეგიონში, შეიძლება ბევრი რამ შეცვლილიყო. ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რა მოთხოვნებიც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად – ღია გახსოვთ, კულისების მინიშნებებიც გახსოვთ. შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო, იქ რუსეთთან მიმართებაში: შეიძლება უფრო დასუსტებულიყო, უფრო გასჭირვებოდა რაღაცები, მაგრამ, ჩვენ რა დაგვემართებოდა? – სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპასუხო განცხადების შესახებ.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
„სანქციები დაუწესეს. ახალი ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს ახალს. რჩება რაც იყო ის მოცემულობა. დასანქცირებულ ადამიანთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს იმ ქვეყნის ელჩი შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი.
აშშ-ის საელჩო: „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“
„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“ – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
რა უნდა ელაპარაკოს. ვერსიების დონეზე რომ გავიაროთ. რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი. ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ასე ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს, მას შანტაჟით რომ ვერავინ აშინებს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ, რომ ობიექტურად ეს არის ადამიანი, რომელსაც სანქციებით კი არა, ვერაფრით აშინებენ, ეს წლების გამოცდილებამ გვაჩვენა ძალიან კარგად. შანტაჟი, მუქარა და მსგავსი საკითხები ამ ადამიანზე არ ჭრის, არც მის ქართველობაზე ჭრის, ვერც მის პატრიოტიზმს ვერაფერს აკლებს და დგას თავის სიმაღლეზე ყველა დროში და ყველა მოცემულობაში. მაგრამ თავად ხომ ამას ფიქრობს და ესეც გამოხატა წერილში, რომ რაც არ უნდა ვთქვაო, რაც არ უნდა გავაკეთო, შეიძლება ვიღაცამ ამას მიაწეროს. თვითონ შანტაჟის გავლენით არაფერს რომ იტყვის ვიცით, მაგრამ ხომ აუცილებლად ამაზე ასე ილაპარაკებენ. ერთი მიმართულება ამ თემის ეს არის. პირობითად, მიდიხარ დასანქცირებულ ადამიანთან და ეს სანქცია შანტაჟის იარაღი რომ იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით, იგივენაირად რომ რჩება, ელაპარაკები, შესაბამისად, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის. ეს იყო წერილში გადმოცემული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.