არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვას.
კალაძის განცხადებით, თავად პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, ყველა თვალსაზრისით, „მძიმე იქნება“.
„არ ვიცი, პრეზიდენტი, რას იზამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ, კარგი იქნება, თავად პრეზიდენტს დაუსვათ კითხვა ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა – შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მისთვის პირადად, ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან მძიმე იქნება, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზედაც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო და ისეთი, არ ვიცი, რა არის. თუმცა კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაც ჩვეულებრივ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ნამდვილად, არ არის“.
„ეს ადამიანი სასჯელს იხდის და კონკრეტულ საქმეებში დამნაშავეა“,- აცხადებს კალაძე.