ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში დილიდან დაიწყო, დასრულებულია.
ორი დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა მოისმინა ის პოზიციები და პრეტენზიები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ არსებობს.
საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის კითხვები გაუგებარია
თუ ვეტო იქნება, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი არგუმენტაცია – ამბობს “ქართული ოცნების” წევრი სარჯველაძე.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დამატებითი განმარტებებისთვის მზად არის.
“მზად ვართ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ პრეზიდენტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით,”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის”, ,,ლელო – საქართველოსათვის“, “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.