ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სამომხმარებლო ფასები კი ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა.
”ლარი ვეღარასდროს გამყარდება” – ასეთია ქართველი ფინანსისტების შეფასებები. ამის საფუძველს მათ 2017 წლის ბიუჯეტიც აძლევთ, რომლის პირველი ვარიანტი მთავრობას 2,3 კურსით ჰქონდა დაგეგმილი. ბოლოს წარდგენილ დოკუმენტში კი ბიუჯეტი 2,5 კურსით არის შედეგნილი. ექსპერტები ასევე გაძვირების ტალღაზე საუბრობენ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მალე გადაუვლის.
ამ ყველაფრის ფონზე ”ფორტუნა” დაინტერესდა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობას საშუალო ხელფასი რამდენი ლარით შეუმცირდა. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ამის გამოანგარიშება საკმაოდ რთულია, რადგან ხელფასის შემცირება მხოლოდ ლარის დევალვაციასა და ინფალციურ მაჩვენებელზე არ არის დამოკიდებული და აქ სხვა ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ბოლო 2-წლიან მონაკვეთში მოსახლეობას საშუალო ხელფასი არ შემცირებია, თუმცა ახალი მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის პირობებში, შემოსავლების შემცირება მოსალოდნელია.
”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროდუქციის ნაწილი პერიოდულად ძვირდება, ნაწილი კი-იაფდება, ამასთან იმპორტირებულია ისეთი მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, უკრაინა), სადაც ეროვნულ ვალუტებს ასევე პრობლემები აქვთ, ჩვენი მოსახლეობის საშუალო ხელფასი არ შემცირებულა. ანუ ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა თითქმის ანალოგიური იმისა, რაც იყო 2 წლის წინ”, -აღნიშნა არჩვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველს ექსპერტს ის მონაცემები აძლევს, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
”ხელფასის გამოანგარიშება ლარის კურსის გარდა დამოკიდებულია სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, რომლის მონაცემებსაც საქსტატი პერიოდულად აქვეყნებს. ამიტომაც, იმ არსებული მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, რთულია ვთქვათ, რომ ხელფასი შეგვიმცირდა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ოფიციალურად ხელფასი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ერიცხება”, – განმარტა ექსპერტმა.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, როგორც სოსო არჩვაძე ამბობს, ახალი მთავრობის მიერ წარდგენილი 10 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, საშუალო ხელფასის შემცირება გამორიცხული არ არის.
”წინასწარი გათვლებით მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდება. ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ახალი ინიციატივები, რომლებიც თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ეს პროდუქტები ჩვენს მოსახლეობას გაუძვირდება, რაც პირდაპირ დაარტყამს მათ შემოსავლებს”, – აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩავძემ.
შეგახსენებთ, აღნიშნულ პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მისი თქმით, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი დაბალია საქართველოში.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე – ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.