LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდება თუ არა საწვავის ფასი საქართველოში?

36

მსოფლიოში ნავთობის ღირებულების კლების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი კიდევ შემცირდება, ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, ”ავტორადიოს” პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუმცა, მისი განმარტებით, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, შესაძლოა, საწვავის ფასი მსოფლიოში ნავთობის ღირებულების კლების პროპორციული არ იყოს.

”გასულ წელს, საწვავის ფასები, მთლიანობაში, საშუალოდ, 40 თეთრით შემცირდა, ხოლო ბოლო თვეში – 20-25 თეთრით. რომ არა დოლართან მიმართებით, ლარის გაუფასურება, ფასის შემცირება გაცილებით შთამბჭდავი იქნებოდა” – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ, უახლოეს პერიოდში, საწვავის ფასი ბუნებრივი აირის ღირებულებას გაუტოლდეს. მთვრალაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ საწვავს დღესაც საკმაოდ კონკურენტული ფასი აქვს, ბუნებრივ აირთან შედარებით.

”თუ ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ორი პროდუქტი ბაზარზე ერთმანეთის კონკურენტია, იმპორტიორის ინტერესშია, რომ ბაზარზე საწვავის ფასმა  კიდევ უფრო დაიწიოს, ვინაიდან, ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ ბუნებრივი აირის ფასი იყო დაბალი, ბენზინის მომხმარებელი გადაიყვანა გაზზე” – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე გამორიცხავს, რომ საწვავის ფასი ისევ 2-ლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს, ვინაიდან, მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის ღირებულება კიდევ შემცირდება, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ბენზინის ფასზეც აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები