LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

62

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოების საღამო გაიმართა, რომელზეც „შემოდგომის ლეგენდის“ 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, კომპანია „ჯეოსელის“კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა. კონკურსის საპრიზო თანხა და კომპანია ჯეოსელის საჩუქრები –  მობილურები „ეფლისგან“ სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 700 ლარი და  III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურულ კონკურსში პირველად გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები პირველი ადგილის მფლობელმა ხატია იათაშვილმა. მისი თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო. „თავდაპირველად შესარჩევ ტურში როცა გავაგზავნე ნაშრომი ველოდი, რომ მოვხვდებოდი ათეულში, თუმცა გამარჯვებას ვერ ვიფიქრებდი. შემდგომ უკვე ნაკლებად ვგრძნობდი თავს როგორც კონკურსში და გამარჯვებაზე არ მიფიქრია.  თემა სხვისი ავტობიოგრაფია იყო და  დავწერე ერთი ქალის ცხოვრების ისტორიაზე და პატარ-პატარა დეტალებით შემდგარ მის ცხოვრებაზე“,- განაცხადა ხატია იათაშვილმა.

ჟიურის წევრის მაკა ლდოკონენის შეფასებით, 9 წლის განმავლობაში კონკურსმა ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ავტორი აღმოაჩინა. „იმას, რომ ჩვენი კონკურსი არის სტიმულის მომცემი ადასტრუებს ის ფაქტიც, რომ ეს სტუდენტებიც  მომავალშიც აგრძელებენ წერას, გამოსცემენ თავიანთ კრებულებს და მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა ლიტერატურულ კონკრუსში“,-განაცხადა მან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. მისი   მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 427-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. ლეგენდის 2017 წლის ლიტერატურული ჟიურის წევრები იყვნენ: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე  და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ბერაძე. ჟიურიმ მონაწილეებს თემად „სხვისი ავტობიოგრაფია“ შესთავაზეს.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მე-9 წელია, „ჯეოსელთან“ ერთად ატარებს  „შემოდგომის ლეგენდას“ და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება. „ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იზრდება რაოდენობა, რაოდენობასთან ერთად  იზრდება ხარისხი  იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც იქმნება ახალგაზრდა სტუდენტების მიერ.  ძალიან კარგი წამოწყებაა და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ასეთი კონკურსი იქნება.“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ყოველ წელს უფრო და უფრო შედეგიანია და წარმატებულია „შემოდგომის ლეგენდა“. იგი სტუდენტების ერთ-ერთი საყავრელი პროექტია და ჩვენთვისაც გამორჩეული. ამ წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა ახალაგზრდა მწერალი-სტუდენტების სახით, რომლებმაც წარმატებულად გაიკვალეს გზა. „ჯეოსელს“ ონლაინ გამარჯვებულისთვისაც აქვს პრიზი“,- აღნიშნა „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.

დაჯილდოების საღამოზე გამოვლინდა ონლაინ კონკურსის გამარჯვებულიც – ნინო მოდებაძე, რომელსაც კომპანიის მიერ დაწესებული პრიზი – ხმის გამაძლიერებელი marshall acton გადაეცა. ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. „ჯეოსელის“ სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე ახალი ნაშრომები შექმნეს, საერთო ჯამში მარათონში 300-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.

ფინალისტების და ონლაინგამარჯვებულის ნაშრომი ყოველწლიურ ბროშურაში გაერთიანდა, რომელიც ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები