LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის რომანტიკა: ექვსი საუკეთესო მელოდრამა, რომელიც შემოდგომაზე უნდა ნახოთ

“როცა ჰარი შეხვდა სალის” (რობ რაინერი, 1989)

რობ რაინერის კლასიკური კომედია ჰარისა და სალის თითქმის ათწლიანი სასიყვარულო ისტორიაა, თუმცა ფილმის ყველაზე რომანტიკული ეპიზოდები სწორედ შემოდგომის ნიუ-იორკის ფონზეა გადაღებული. საკმარისია გავიხსენოთ მთავარი პერსონაჟების გასეირნება წითელ-ყვითელი ფოთლებით აჭრელებულ ცენტრალურ პარკში. ნიუ-იორკის ოქროს შემოდგომა იმდენად მშვენიერია, რომ ის ფილმის მთავარ პოსტერზეც კი მოხვდა.

“შემოდგომა ნიუ-იორკში” (ჯოან ჩენი, 2000)

როგორც ჩანს, შემოდგომას ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს, რომელიც აიძულებს ადამიანებს,  უსაქმოდ იხეტიალონ ოქროსფერი ფოთლებით მოფენილ ხეივნებში, გაიხსენონ ლექსები და რა თქმა უნდა, უყვარდეთ. სწორედ ასე ემართებათ რიჩარდ გირისა და უაინონა რაიდერის პერსონაჟებს. უილ კეინი წარმატებული რესტორატორი და ლოველასია, რომელიც პირველად პოულობს ნამდვილ სიყვარულს, თუმცა გებულობს, რომ  მისი რჩეული –  26 წლით უმცროსი შარლოტა მძიმე სენითანაა ავად და მათი რომანიც შემოდგომის მელანქოლიის სტერეოტიპების გათვალისწინებით სულ სხვა ელფერს იძენს.

“შემოდგომის ლეგენდები” (ედვარდ ცვიკი, 1994)

ედვარდ ცვიკის ფილმი ისტორიულ დრამადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ძმაა, რომელთაგან თითოეულს თავისებურად უყვარს ერთი ქალი – სიუზანი, ის კი,მთელი ცხოვრება მხოლოდ  ტრისტანზეა შეყვარებული. სათაურში გამოტანილი “შემოდგომა”  არა იმდენად წელიწადის დროა, რამდენადაც პერსონაჟების მომწიფების და პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი. თუმცა, ფილმს არც ფოთოლცვენის და ოქროსფერი შემოდგომის პეიზაჟები აკლია.

“თარგმანში დაკარგული” (სოფია კოპოლა, 2003)

ერთი შეხედვით სოფია კოპოლას ფილმში რომანტიკაც ნაკლებია და შემოდგომასთანაც არაფერი აკავშირებს. შარლოტა და ბობი  განსხვავდებული ადამიანები არიან, თუმცა ერთნაირად დაბნეულები და დაკარგულები უცხო და უზარმაზარ მეგაპოლისში. მათი რომანიც არასტანდარტულია -ისინი უბრალოდ კარგ დროს ატარებენ ერთად და სხვა არაფერზე ფიქრობენ. მართალია, შემოდგომა ფილმში “მთავარ როლს” არ ასრულებს და მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა შარლოტა ექსკურსიაზე კიოტოში მიემგზავრება და უძველეს ბუდისტურ ტაძრებს იაპონური შემოდგომის ფონზე ათვალიერებს.

“ჩემი შეყვარებული – ფსიქოპატია” (დევიდ რასელი, 2012)

პეტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოწერეს ფსიქიატრიული კლინიკიდან, ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რაც მისთვის არც ისე მარტივია. მხარდაჭერას ის ტიფანისთან პოულობს, რომელსაც გარშემომყოფები ასევე შეშლილად თვლიან და არც თუ ისე უმიზეზოდ. ფილმის მთავარი პერსონაჟების რომანი, რა თქმა უნდა შემოდგომის ფონზე ვითარდება, სეზონის ცვალებადი ამინდი კი კიდევ უფრო ამძაფრებს მათ უცნაურ რომანტიკულ ურთიერთობებს.

“ტკბილი ნოემბერი” (პეტ ო’კონორი, 2001)

ტიპიური ბიზნესმენი – სარეკლამო აგენტი ნელსონი, ახალგაზრდა ექსცენტრიკულ ქალს ხვდება, რომელიც მას მთელი ცხოვრების შეცვლას ჰპირდება. სარა პირობას ასრულებს, თუმცა ბედნიერება და ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთ თვეს –  “ტკბილ ნოემბერს” გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g