საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მოთხოვნებით მიმართავს. ორგანიზაციები მთავრობას ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციით ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრისკენ მოუწოდებენ.
“არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნეს გაერთიანებები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას. უკანასკნელ პერიოდში covid-19-ის პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, შედეგად უახლოესი წლები იქნება ურთულესი მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული. ეკონომიკურ გამოწვევებს, სამწუხაროდ, თან დაერთო მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.”-აღნუშნულია მიმართვაში.
ერთ-ერთი იმ ასოციაციებიდან, რომელიც მთავრობას მიმართავს საქართველოს ტურიზმის ასოციაციაა.
რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და როგორ ესახებათ მათ ბიზნესების გადარჩენის გზები. აღნიშულ თემაზე “ბიზნესკურიერი” საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარეს, ნატალია კვაჭანტირაძეს ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის სიტუაციამ ტურიზმის სექტორში წინ წაიწია, იქიდან გამომდინარე, რომ ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნა, რაც დაანონსდა წინა კვირაში უკვე რეალობად იქცა და გაიხსნა რამდენიმე ბიზნესმიმართულება. ამასთან, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო სამთოკურორტების გახსნა, რადგან ადგილობრივ მომხმარებელში საკმაო აქტუალობით სარგებლობს.
“რაც შეეხება გამოწვევებს, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია ეს არის მიმდინარე პროცესები, ეს უკავშირდება აღნიშნულ რეგულაციებს, რომელის არის დაწესებული ქვეყნის შიგნით გადაადგილებისთვის.
ტურიზმი ძალიან სენსიტიური მიმართულებაა ჩვენი ეკონომიკის, რომელიც ძალიან ცხადად მოქმედებს, როგორც ეკონომიკურ ისე, პოლიტიკურ პროცესებზე.
ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ უახლოესი პერიოდის გეგმა, რომელიც შეჯერებული უნდა იყოს სექტორთან ერთად, საჯარო სექტორი მუშაობს ამ პროექტზე და ჩვენი ჩართულობაც არის. განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, მარკეტინგული ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება უახლოეს პერიოდში მოხდეს ცნობიერების ამაღლება იმ მომხმარებელში, რომელიც გეგმავს მოგზაურობას.
ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ ზაფხულის პერიოდი უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ახლა, რა რეალობაშიც ვიმყოფებით. შემოდის უკვე სურვილები ამა თუ იმ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ ტურისტების შემოყვანა ქვეყანაში და მათ სჭირდებათ ზუსტად განსაზღვრული, გადაწყვეტილებამიღებული ინფორმაცია, რათა დაგეგმონ მოგზაურობის პერიოდი, თარიღები და ა.შ”-განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ.
როგორ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავრობასა და ბიზნესებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა. მისივე განცხადებით, უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და 3 თვის წინასწარი გეგმა მაინც, რათა შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით ბიზნესებმა შესაბამისად დაგეგმონ ბიზნესსაქმიანობა.
„ჩვენი ასოციაციის მიდგომები ყოველთვის იყო კონსტრუქციული, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა მოხდეს, ხშირი შეხვედრების ფონზე ინფორმაციის გაზიარება და დასახული მიზნების გაცნობა სექტორისთვის, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ხშირ კომუნიკაციაში ვიყოთ ადმინისტრაციასთან და სწორედ ეს მოთხოვნებია აღნიშნული იმ მიმართვაში, რაზეც ყველა ბიზნესი ამახვილებს დღეს ყურადღებას.
აუცილებელია ხშირი შეხვედრები, აუცილებელია სწორად მოხდეს წევრი ასოციაციების წახალისება თუნდაც იმაში, რომ იყოს ინფორმირებული, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ბიზნესები შეძლებენ სწორად და ჯანსაღად ოპერირებას.
ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს განსაზღვრა იმ ნაბიჯების, სამოქმედო გეგმის, თუნდაც უახლოესი 3 თვის პროცესის, თუ როგორ უნდა დავინახოთ ჩვენ უახლოესი მომავალი მთავრობასთან ერთად, ამის გარეშე, თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, ცალკე მოთამაშე ნამდვილად ვერ ვიქნებით.”-განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ “ფორტუნას” ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ხელისმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა:
• ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს – პროგოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას;
• მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით – ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით;
• მოკლე ვადაში განხორციელდეს კოვიდ 19-ის საწინააღმეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.
• იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია.