LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოქმედებითად სრული გაჩერება მქონდა… მინდა, რომ კვლავ დაგიბრუნდეთ ჩემი ახალი სიმღერებით და აქტივობებით“ – მაიკო მეგრელიშვილი

12
მაიკო-მეგრელიშვილი

26 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის წინასაახალწლო გადაცემას „არის 2023“ მაიკო მეგრელიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე, შემოქმედებაზე და არსებულ პაუზაზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ახალი წელი“ პრემიერა შედგა.

მაიკო, ბოლო წლებია აღარ ჩანხარ, რატომ გქონდა პაუზა?

მაიკო ცოტა ხანი არ იყო და ახლა ისევ დაბრუნდა. რაღაც პატარა ანტრაქტი მქონდა შემოქმედებითად და ძირითადად უფრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ვიყავი დაკავებული. ახლა მინდა, რომ კვლავ დაგიბრუნდეთ ჩემი ახალი სიმღერებით და აქტივობებით, რადგან მომენატრეთ, მომენატრა ფართო მსმენელი.

ამ პერიოდის განმავლობაში თუ იწერებოდა ახალი სიმღერები?

შემოქმედებითად სრული გაჩერება მქონდა, არანაირად არ ვაქტიურობდი, სურვილი არ მქონდა საერთოდ. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად ჩავება შემოქმედებით საქმიანობაში და მინდა, რომ ბევრი ახალი, ლამაზი სიმღერით დაგატკბოთ.

როგორ ემზადები ახალი წლისთვის და რამდენად გიყვარს ეს დღესასწაული?

ახალი წელი ბავშვივით მიყვარს, ალბათ, ზოგ ბავშვზე მეტადაც, იმდენად აღფრთოვანებული ვარ და ისეთი სილაღით ვემზადები ხოლმე ახალი წლისთვის. ყოველთვის განსაკუთრებულად ვრთავ ნაძვის ხეს, დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე, რომ იყოს განსხვავებული და ძალიან დიდი სიხალისე შემოიტანოს ოჯახში და ჩემს ცხოვრებაში. ვრთავ ხოლმე სახლსაც. იმ სიხალისეს და სილაღეს, რომელიც დღეს მთელს სამყაროს აკლია, ამით ვივსებ ხოლმე. ვუყურებ საახალწლო ფილმებს და ვტკბები საახალწლო სიმღერებით. ძალიან მიყვარს ჩემი ახლობლების ლამაზი საჩუქრებით გახარება.

თქვენს შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერაა „წვიმა ცრის“. როდის შეიქმნა ეს ნამუშევარი და ეძღვნებოდა თუ არა ვინმეს?

ამ სიმღერას ძალიან სასიამოვნო ისტორია აქვს, რადგან თავიდან ილონა ასლანიშვილისთვის დავწერე ეს სიმღერა. მას უნდოდა, რომ ალბომში შეეტანა ეს სიმღერა. მე ვითავისებდი ყოველ სიმღერას, რომელსაც ჩემთვის თუ სხვისთვის ვწერდი, ჩემს ისტორიას ვდებდი. ერთობლივად მოვიდა ამ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც.

როგორ შეიქმნა სიმღერა „ახალი წელი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ეს ის გამონაკლისია, როცა სიმღერის მელოდიის ავტორი თავად არ გახლავართ, მაგრამ იმდენად მომეწონა ეს მელოდია, იმდენად ლაღი, ლამაზი, უბრალო და ადვილად აღსაქმელი იყო, რომ ასე გადავწყვიტე. ტექსტის ავტორი, რა თქმა უნდა, მე გახლავართ. ახალთახალი სიმღერაა. ჩაიწერა „X-Studio“-ში, ხვიჩა ხარაიშვილთან. ხმის რეჟისორი ლადო ქორიძე გახლდათ. მთელი გულით და სულით გავაკეთეთ ეს სიმღერა.

 

მაიკო მეგრელიშვილი – ახალი წელი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები