16 თებერვალს, რადიოს „არ დაიდარდო“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ჯგუფი ,,სახე” სტუმრობდა. გადაცემაში ახალი სიმღერის „პირბადე“ პრემიერა შედგა
-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
დათო ფორჩხიძე: დავიწყეთ 1990 წელს. დიდი დრო და შრომა დაგვჭირდა წარმატების მისაღწევად, სადღაც 10 წელი „ჩრდილში“ ვიყავით, თუმცა ამ პერიოდშიც, ყოველთვის გვამჩნევდნენ ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ. 1997-1998 წლები საოცარი იყო, ჩვენ თავადაც არ გვჯეროდა ჩვენი ასეთი წარმატების და პოპულარობის, მართალია, ძალიან ამბიციურები ვიყავით, მუდამ ვეჭიდებოდით სირთულეებს, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
-რა იყო თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?
დათო ხუჯაძე: მამოძრავებელი ძალა, პირველ რიგში, იყო სურვილი, რასაც ბოლომდე გავყევით მე და დათო. ყოველთვის მაქსიმალური ძალისხმევით ვმუშაობდით ჩვენს პროექტებზე, რომ არანაირი ნიუანსი არ გაპარულიყო. დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი უნაკლოა ჩვენი სიმღერები. ახლაც ამ პრინციპით ვმუშაობთ. გვინდა, ახალი სიმღერებიც კიდევ 20-30 წელი დარჩეს და იყოს აქტუალური.
-რომელი სიმღერა იყო პირველი მეგა-ჰიტი?
დათო ხუჯაძე: „შენ რა სექსი ხარ“, ისე გავარდა ხმა ამ სიმღერაზე, ჯერ მოსმენილიც კი არ ჰქონდათ (იცინის).
დათო ფორჩხიძე: ის პერიოდია, როდესაც დათო გადმომყავს ჯგუფიდან „ფლეში“. ვიცოდი, რომ ჩემს კარიერულ ჩანაფიქრს მარტო ვერ გავწვდებოდი და გვერდით ძალიან მაგარი „ვიღაც“ მჭირდებოდა და მივხვდი, რომ ეს დათო იყო. ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს და გავიცანით, სანამ დათო „ფლეშში“ დაიწყებდა სიმღერას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დავიშალეთ და ვერ მოხდა ჩვენი კოლაბორაცია, მე პეტერბურგში წავედი და დათო შეუერთდა ჯგუფს „ფლეში“. როდესაც დავბრუნდი, მარტომ გავაკეთე სიმღერა „შენ რა სექსი ხარ“, მხოლოდ მე ვმღეროდი და ყოველდღე „ვაბამდი“ დათოს, რომ ჩემთან წამოსულიყო და ერთად გვემღერა.
დათო ხუჯაძე: ერთხელაც, კარზე არის კაკუნი, გავაღე და მხვდება დათო გიტარით ხელში, ერთი თვე ვერ მოვიშორე (იცინის).
დათო ფორჩხიძე: ვგრძნობდი, რომ დათო ძალიან საჭირო იყო ყველაფრისთვის. როდესაც პირველად შევიდა სტუდიაში და წაიმღერა პირველი ფრაზა „გამოდი, ნახე, რა ლამაზად ბარდნის ცა…“ მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ვინც მჭირდებოდა და მასთან ერთად დავიპყრობდი მწვერვალებს, ასეც მოხდა. დათო ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტია. ძალიან მაგარი და საინტერესო გზა გავიარეთ ერთად.
დათო ხუჯაძე: მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ერთ-ერთ კარგ მომღერალთან ერთად ვმღეროდი დუეტში, დიდი ხნის განმავლობაში.
-როგორ მოხდა თქვენი კოლაბორაცია „Poetry N Motion”-თან?
დათო ფორჩხიძე: ჩვენ ვმეგობრობდით კომპანიებთან „კოკა-კოლა“ და „ისთერნ პრომოუშენ“, რომელთაც ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჩამოჰყავდათ საქართველოში. ერთხელაც, მოინდომეს ჩამოეყვანათ „Poetry N Motion”, მათ ეკუთვნით ფილმის „რომეო და ჯულიეტა“ საუნდტრეკი და 2-3 თვე ამ ჰიტით მოწინავე პოზიციას იკავებდნენ ჩარტებში. ერთობლივი ნამუშევრის ჩაწერა ჩვენი ინიციატივა იყო, რადგან ქართველების უმეტესობამ მხოლოდ ერთი ჰიტი იცოდა მათი შესრულებით. თავიდან ჯგუფის წევრები უარზე იყვნენ, რადგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ ჩამოდიოდნენ აზიურ ქვეყანაში, სადაც აზიური ფოლკი დახვდებოდათ, თანამედროვე მუსიკაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. როდესაც ჩვენი სიმღერები მოისმინეს, ისე დაგვთანხმდნენ არც უფიქრიათ. საბოლოოდ, გადაწყდა, ჩაგვეწერა „წვიმად გადავიქეცი“.
-როგორ ფიქრობთ, სხვა დროს რომ შექმნილიყო ჯგუფი „სახე“ ისევ ისეთი წარმატებული იქნებოდა?
დათო ხუჯაძე: ნამდვილად არასდროს გაგვიჭირდებოდა წარმატების მიღწევა, არც ადრე და არც ახლა. მთავარი არის მოცემულობა და ის, რომ საჭირო პროდუქტი, საჭირო დროს შესთავაზო საზოგადოებას. იმ დროისთვის ჩვენ ის გავაკეთეთ და შევქმენით, რაც საჭირო იყო, ასევე მოვიქცეოდით ამ მოცემულობაშიც.
დათო ფორჩხიძე: დღესდღეობით ძალიან ბევრი ნიჭიერი შემსრულებელია, მაგრამ მაინც ყველას ვაჯობებდით, თუნდაც შრომისმოყვარეობით. ახალმა თაობამ არ იცის შრომა, ორ საათს ამუშავებ და უკვე იღლებიან. რომ მოგვინდეს, ტექნოს და მინიმალსაც თავისუფლად ავაწყობთ.
–როგორ გაჩნდა სიმღერის „პირბადე” ჩაწერის იდეა?
დათო ფორჩხიძე: ეს გახლავთ ცაბაძის „პირბადის”ახალი ვერსია. ერთხელაც ვზივარ მანქანაში, ვუსმენ რადიოს და ჟღერს ეს სიმღერა ბუბა კიკაბიძის შესრულებით. მიმიზიდა მელოდიამ და არანჟირებამ, ტექსტმა ხომ საერთოდ, ძალიან თემატური იყო, პანდემიაზე. დავურეკე კახას და ვუთხარი, რომ ამ სიმღერის ახალი ვერსიის გაკეთება მსურდა ისიც ძალიან დიდი სიხარულით დამთანხმდა. დათო ხუჯაძე: ძალიან კარგი, ტკბილი და სასიამოვნო სიმღერაა.
სახე – პირბადე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“სახე”. “საღამოს რადიო შოუ”.
ფოტოები