შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო კოდექსის შესაბამისი ცვლილებები ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ცვლილებები ძალაში 2020 წლის იანვრიდან შევა.
რეგულაცია ასევე ყოველ სამ წელიწადში სავიზო მოსაკრებლის გადახედვის მექანიზმს ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილებები ეხება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.
ცნობისთვის, შესაბამისი ცვლილებები ევროკომისიამ გასულ წელს წარადგინა. ახალი წესების თანახმად, განმცხადებელმა აპლიკაცია მგზავრობამდე მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა წარადგინოს და არა უგვიანეს 15 დღისა. მოქმედი წესებით, აპლიკაციის წარდგენის მაქსიმალური პერიოდი სამი თვეა.
გარდა ამისა, მომავალი წლიდან დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებს შეეძლებათ, მრავალჯერადი ვიზა ერთის ნაცვლად, ხუთწლიანი პერიოდით აიღონ.
სავიზო კოდექსში ცვლილებები მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებსაც „შენგენის ზონაში“ შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.
ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები რეადმისიის ფარგლებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის მონიტორინგსაც ითვალისწინებს.
ქვეყნებს, რომლებიც არ ითანამშრომლებენ რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირმა შესაძლოა, სავიზო რეჟიმი გაუმკაცროს და პირიქით, ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ, შესაძლოა, სავიზო წესები გაუმარტივდეთ, რაც სავიზო მოსაკრებლის შემცირებას ან მრავალჯერადი ვიზის მოქმედების ვადის გაზრდას გულისხმობს.