პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრა სამუშაო ვახშმის ფორმატში გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილიპ რიკერის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო შესაძლებლობების ხელშეწყობით საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში.
„შესანიშნავია დაბრუნება საქართველოში, რომელიც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირისთვის. როდესაც შარშან აქ ვიყავი, მჭიდროდ ვიმუშავე ქართველ ლიდერებთან, რათა გამეწია შუამავლობა თქვენს მეზობლებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა.
მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრთან კიდევ ერთხელ შეხვედრისა და რეგიონული საკითხების განხილვის გამო. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ როგორ უნდა შეუწყონ ხელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრას.“ – განაცხადა ფილიპ რიკერმა.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ დღესაც ისეთივე ერთგულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც 30 წლის განმავლობაში. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.