რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა მაია ბარათაშვილმა 12 ივნისს, გრიბოედოვის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა, რომელსაც ჯგუფ „შინთან“ ერთად გამართავს.
Georgia in your mind ანუ „თქვენი გადმოსახედით საქართველო“ – ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან ნამდვილი კალეიდოსკოპია და წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რა გამოვა. კონცერტში ბრწყინვალე მუსიკოსები – ჯგუფი „შინი“ და გიორგი მელიქიშვილი მიიღებენ მონაწილეობას, სპეციალური სტუმრების რანგში კი ზაზა მარჯანიშვილი და მიშო ჯავახიშვილი გვეყოლებიან. ამასთანავე, საღამო ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებით გაფორმდება ლექსო ჭუმბურიძის შესრულებით.
აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგვეხმარა. საღამოს, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკას გააერთიანებს, არ ეყოლება ერთი გამოკვეთილი სოლისტი, რადგან ყველა სოლისტი იქნება. მართალია, შესრულდება ესპანური, ინდური, ბალკანური მუსიკა, მაგრამ ყველაფერი ქართული სულით იქნება გაჯერებული, რაც პირველ რიგში „შინის“ მუსიკოსების დამსახურებაა, რომლებიც ყველაფერში ქართულს ხედავენ. ჩვენი მთავარი მესიჯი ქართული მუსიკის უნივერსალურობაა, რომელიც ერთნაირად კარგად იკვეთება, როგორც დასავლურ, ის აღმოსავლურ კულტურაში. ამასთანავე, ნებისმიერ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის სახლში მიუწევს გული, ამიტომ ჩვენი საღამო ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად მაინც, შინ, ქართულთან დაბრუნება იქნება.
ძალიან საინტერესოდაა არანჟირებული ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რომლებიც ისე შეიცვალა, შესაძლოა ბევრმა საერთოდ ვერ იცნოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტი სრული იმპროვიზაცია იქნება, რადგან ჩვენ მხოლოდ სქემა გვაქვს, მერე კი, იმას გავაკეთებთ, რასაც მუსიკა გვიკარნახებს. მეც განსხვავებულ ამპლუაში წარვდგები პუბლიკის წინაშე, რადგან მუსიკასთან ერთად იუმორისტულ ჩანახატებსაც მრავლად შევთავაზებთ, ერთგვარ დიალოგს გავმართავთ მაყურებელთან და ვეცდებით ისინიც ჩავრთოთ ჩვენს კონცერტში.
პროექტზე მარინა სალუქვაძემ იმუშავა, რომელიც ვიდეოარტით გააფორმებს საღამოს და სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებს. ძალიან საინტერესოა კოლაბორაცია გამომივიდა „შინთან“. ჩვენი გაერთიანების იდეა კი, ჩემს მეგობარ არქიტექტორს ეკუთვნის, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, 26 მაისს ახალციხეში მოვაწყობთ საღამოს, ივნისსა და ივლისში კი, ბიგ-ბენდთან ერთად ვგეგმავ კონცერტების გამართვას, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.