ევროკავშირის ქვეყნები შეთანმდნენ ვაქცინას რა პრინციპით გაინაწილებდნენ, მაგრამ შეთანხმება ირღვევა.
ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის მტკიცებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები თანაბრად არ ნაწილდება ევროკავშირში წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიხედვით, როგორც ეს შეთანხმებული იყო ბლოკის შიგნით.
კურცის თქმით, ვაქცინაციის საკითხებში ევროკავშირის მესვეურებმა ისეთი შეთანხმებები გააფორმეს ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც ამ პრინციპის საწინააღმდეგოა.
„მიწოდება არ არის დაფუძნებული წევრი ქვეყნების მოსახლეობის პრინციპზე. როგორც ჩანს, არსებობს გეგმები, რომ ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება უახლოეს თვეებში და სხვაობა წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო და უფრო გაიზრდება. ნიდერლანდები ივნისის ბოლომდე მოსახლეობის რიცხვის მხრივ არა მხოლოდ მის მეზობელ ქვეყნებზე მეტ დოზებს მიიღებს, არამედ თითქმის ორჯერ მეტსაც, ვიდრე – ხორვატია“, – აღნიშნა კანცლერმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აუცილებელია გამჭვირვალობა და აუცილებელია, რომ გამოსავლის გზები ყველა ქვეყანამ ერთად მოძებნოს.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვა. ქვეყანაში აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა რამდენჯერმე იმიტომ გადაიდო, რომ მდიდარმა ქვეყნებმა იმაზე გაცილებით ბევრი დოზა შეიძინეს, ვიდრე სჭირდებოდათ.