გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. ოკუპირებულ ქალაქ გალში გამართულ რიგით 56-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენგურის ხიდზე, სოფელ რუხში განცხადება გააკეთა ქართული მხარის წარმომადგენელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
„ხვალ, 19 მაისს 2 წელი ხდება გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, ეს საკითხი იყო ინტენსიური განხილვის საგანი, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კატეგორიულად დააყენა მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი. რუსეთის პოზიცია არის უცვლელი, მათი პასუხი იყო გაურკვეველი,“ – განაცხადა ანთაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრისას საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებული სხვა ინციდენტებიც განიხლიეს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები. ქართულმა მხარემ დაკავებულთა უმოკლეს ვადებში გათავისუფლება მოითხოვა.
გალში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, რუსმა სამხედროებმა სოფელ ტირძნისში მცხოვრები 29 წლის დავით ჩალაური დააკავეს.
ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის შემდეგი შეხვედრა გალში 27 ივნისს ჩაინიშნა.