LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება თითქმის მიღწეულია: მარნეულში აქცია დასრულებულია

335
maxresdefault (1)

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს, რის გამოც, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახერხებენ. აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.

სოფელ შულავერში ფერმერებმა პროტესტის ნიშნად სოფლის მეურნეობის პროდუქტები მიწაზე დაყარეს. აქციაზე დაპირისპირება შოთა რეხვიაშვილის მისვლას მოჰყვა. ერთმანეთს სიტყვიერად სახელმწიფო რწმუნებული და “ევროპული საქართველოს” წევრი ახმედ იმამკულიევი დაუპირისპირდნენ. რეხვიაშვილი აცხადებს, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია.

“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი. ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და მოხდეს მარნეულის პროდუქტის რეალიზება. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აქციას დასრულებულად მიიჩნევს და პრობლემას მოგვარებულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსი თენგიზ კალანდაძე. მისი ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება შეკრებილ ხალხთან. ჩემთან ერთად არის ქვემო ქართლში გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ასევე სოზარ სუბარი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და დადებითი შედეგი გვაქვს. მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი სატვირთო მანქანა, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება სოფლების ცენტრებში. ფასის მხრივ კი მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ ვერ ჩავერეოდით, ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე შემსყიდველიც. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

აქციას პოლიტიკურად მართულად და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას აწყობენ და ფაქტს მძიმე დანაშაულის შეფასებას აძლევს. კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს ნუ ეთამაშებიან ცეცხლს.

„მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას, ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ. ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იმამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და აქ ზოგადი მოწოდებების ნაცვლად და რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამკულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომლებიც მათ გამოიყვანეს ამ აქციითვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

magti 5g