15 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის წყვილი სტუმრობდა, რომელთაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრეს და ახალი სიმღერა Love You, Need You წარმოადგინეს.
– ოთო, როგორ გრძნობთ თავს პანდემიის პირობებში?
– სამწუხაროდ, კორონავირუსმა ყველა ჩემი გეგმა ჩაშალა. იმ ასაკში ვარ, როცა უამარავი საინტერესოს გაკეთება შემიძლია და მაინცდამაინც ახლა მიმიწია ყველაფერზე უარის თქმა. 31 წლის ვარ, ორი საუკუნის გასაყარზე ვცხოვრობ, სამი ომი ვნახე, პანდემია, უამრავი უსიამოვნება გამოვიარე და წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება კიდევ მოხდეს. მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ საინტერესო, მოვლენებით დატვირთულ ეპოქაში ვცხოვრობ, სადაც ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. იმედი მაქვს მალე გავაცილებთ 2020 წელს, მომავალი წელი კი, ბევრად მეტი სიკეთის და სიხარულის მომტანი იქნება.
– სოფო, დარწმუნებული ვარ, თქვენც უამრავი პრობლემა შეგიქმნათ ვირუსმა, რადგან თეატრები დაიხურა და მუსიკოსების მსგავსად მსახიობებიც უმუშევარი დარჩნენ…
– მართალია, ყველა სფერომ იზარალა, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს, განსაკუთრებით მსახიობებს გაგვიჭირდა, რადგან მუსიკოსებისთვის ზაფხულში ამოქმედდა ღია სივრცეები, ჩვენ კი, არც ამის საშუალება მოგვეცა. ძალინ რთულია ასეთ სიტუაციაში ოპტიმიზმის შენარჩუნება, რადგან მსახიობები საკუთარი სპექტაკლებით ცხოვრობენ, ახლა კი, მხოლოდ მომავლის იმედით ვარსებობთ.

– ოთო, თავად აღნიშნეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი გაქვთ თქვენ და სოფოს. რამდენად გეხმარებათ განსხვავებული ხასიათი ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნებაში?
– ექვსი წელია ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ხშირად ვკამათობთ, მაგრამ სერიოზული ჩხუბი ნადვილად არასდროს მოგვსვლია. ვფიქრობ, შეუძლებელია საყვარელ ადამიანთან ისე იჩხუბო, რომ მერე შესარიგებლად გაგიხდეს საქმე. ჩემი აზრით, სკანდალს მეუღლეებს შორის უფრო სხვა მიზეზი აქვს, ვიდრე განსხვავებული ხასიათი, რადგან ინდივიდუალურობით ჩვენ მხოლოდ ვავსებთ და ვაბალანსებთ ერთმანეთს.
– სოფო, კამათის დროს, რომელს უფრო ხშირად გიწევთ დათმობა?
– ყოველთვის მე ვთმობ. მართალია, ოთო ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია, მაგრამ საოცრად ფეთქებადი ხასიათი აქვს, ამიტომ ყოველთვის მე მიწევს ანგარიშის გაწევა, მით უფრო, რომ სწრაფად მშვიდდება და ნამდვილად არ ღირს მის ემოციებს აყოლა.
– ოთო, სოფოს რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, თავიდან მისი სილამაზით მოვიხიბლე, მერე კი, აღმოვაჩინე, რომ საოცრად კეთილი ადამიანი იყო. ამასთანავე, საკუთარი საქმის ერთგულია, რაც ძალიან მომწონს, რადგან სწორედ ესაა ნამდვილი პროფესიონალიზმი.

– უამრავი კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა. რამდენად რთული იყო გამარჯვება?
– კონკურსში მონაწილეობისას ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, სტრესს კი, მისი დასრულების შემდეგ განვიცდი.
– უცხოეთიდან შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ, რომელსაც უარით უპასუხეთ?
– უამრავი წინადადება მქონდა რუსეთიდან, თუმცა არცერთი არ მივიღე. რა თქმა უნდა, ყველა თვითონ წყვეტს სად მოაწყოს კონცერტი და ამისთვის არავის გაკრიტიკება, მით უფრო გალანძღვა არ შეიძლება, მაგრამ მე მაკლებად მხიბლავს რუსეთში საქმიანობა.
– სოფო, საახალწლო განწყობა უკვე შეიქმენით და ბინაც გაალამაზეთ…
– ძალიან მიყვარს ახალი წელი და ყველაფერი, რაც დღესასწაულს უკავშირდება. ბინა მართლაც გავაფორმე, რაშიც დედა დამეხმარა იტალიიდან, რადგან უამრავი საინტერესო სუვენირი გამოგვიგზავნა.
– ოთო, ვის მიუძღვენით ახალი სიმღერა?
– Love You, Need You – ყველას და პირველ რიგში მათ ეძღვნება, ვინც მარტო და მიტოვებულად გრძნობს თავს. სწორედ ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არ ღირს გულის გატეხა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ის, ვისაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძალიან ეყვარებით.
გადაცემის აუდიჩანაწერი


