საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და იმედი გამოთქვა, რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
მისივე თქმით, მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს ბინძურ კამპანიას, რომელიც გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო აგორებული.
„არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „დღეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა, ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა კი სწორედ საარჩევნო უბანზე მისვლაა“.