როცა მცირე ბიზნესის დაწყება გინდა, გაქვს იდეა, მაგრამ არ გაქვს ფინანსები, იდეიდან შესრულებამდე რა გზის გავლა მოგიწევს? როგორ იწყებ, რა ეტაპებს გადიხარ, სად გხვდება სირთულეები, როგორ ცდილობ გაჯერებულ ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვებას და განვითარებას? ამ კითხვებზე პასუხი ალბათ ბევრს გაინტერესებთ.
„ყვავილების ბარი“ მცირე ბიზნესია, რომელიც დამფუძნებელმა 2021 წელს, აგვისტოში დაიწყო და ამ ეტაპზე 1 ფილიალით არის ბაზარზე წარმოდგენილი „გალერეა თბილისში“.
გადაცემის სტუმარია – ნინო მარეხაშვილი, „ყვავილების ბარის“ დამფუძნებელი.
-ნინო, როგორც ვიცი, ბიზნესი ნულიდან დაიწყეთ. გქონდათ იდეა, მაგრამ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესი?
– „ყვავილების ბარის“ ამბავი დაიწყო 2021 წელს, როდესაც პანდემია პიკში იყო. ჩვენ შევძელით, რომ პანდემია როგორც შესაძლებლობა ისე მიგვეღო და არსებული რესურსები მიგვემართა იქითკენ, რომ ჩვენი იდეა სრულყოფამდე მისულიყო.
ბევრისთვის სირთულეებთან ასოცირდება ბიზნესის დაწყება. როცა იდეა აქვთ, დიდი პრობლემაა თუნდაც ფინანსების არქონა. თუმცა დღეს ძალიან ბევრი პროგრამა და შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თუკი გვაქვს რაიმე იდეა, განახორციელო.
ჩვენი ამბავიც კონკრეტულ საგრანტო პროექტს უკავშირდება, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ. კონკრეტულად მიკრო და მცირე მეწარმეების პროგრამების ხელშეწყობის პროექტში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულებიც გავხდით.
ეს გამარჯვება ერთ-ერთი ძირითადი ბიძგი იყო. ბუნებრივია, ჩვენ მოტივაცია გვქონდა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც დღეს ბაზარზე პოზიციონირებს.
-ნინო, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა. ბაზარზე ყვავილებს ბევრი ყიდის, შემომტანიც არის და თქვენ რა ნიშა გაქვთ, რომელიც მყიდველს „აიძულებს“, თქვენთან მოვიდეს, თქვენი ყვავილები იყიდოს?
-სფერო ქართულ ბაზარზე გაჯერებული და საკმაოდ კონკურენტულია. ვიტყოდი, რომ ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენი ქსელი საკმაოდ ხელმისაწვდომია და გვაქვს მულტი-კონცეპტუალური სერვისი.
მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს როგორც მისთვის სასურველი კომპოზიცია, ასევე უბრალოდ თაიგული. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდეს, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს მისთვის სასურველი ყვავილების თაიგული.
ეს მულტიფუნქციურობა, რაც გვაქვს ვფიქრობ, რომ უკონკურენტოა, მაღალპროფილურობა იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი ბიუჯეტით შეძლოს სასურველი კომპოზიციის შექმნა. აქ საუბარია როგორც დიდ კომპოზიციებზე, ასევე საქორწინო თაიგულებზე, სხვადასხვა კორპორატიულ შეკვეთებზე.
ამ ყველაფერს ჩვენ თავს კარგად ვართმევთ.
-იდეის განხორციელების გზაზე რა იყო მთავარი სირთულე?
– დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა ისეთი საკითხები, რომელსაც დღეს უკვე აღარ ვთვლი სირთულედ, დამწყებებს ვურჩევდი, რომ საკითხებს უფრო მარტივად შეხედონ.
ძალიან ბევრი მოლაპარაკება გვქონდა სავაჭრო მოლებთან, „გალერეა თბილისთან“. იყო საკითხების განხილვა და ამის გამო ბევრი შეხვედრა გვიწევდა.
იყო მრავალეტაპიანი შერჩევის ეტაპი იდეიდან სრულყოფამდე, რომელიც „აწარმოე საქართველოსთან“ მიმდინარეობდა. ესაა რეალურად კონკურსი, რომელიც 5-6 ეტაპისგან შედგება და თითოეულ მონაწილეს უწევს, რომ საკუთარი იდეა ბოლომდე სწორედ მიიტანოს დამფინანსებლამდე.
გრანტი, რომელსაც ორგანიზაცია შენს სახელზე გასცემს, სწორად უნდა დაიხარჯოს, რაც საბოლოო ჯამში ბევრი ეტაპის გავლას მოითხოვს.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, ეს ყველაფერი რთული არაა, თუმცა იმ პერიოდში ეს ძალიან რთულად მეჩვენებოდა.
-როდესაც პირველი გამოცდილებაც შეიძინეთ და გარკვეული სირთულეებიც გადალახეთ, მოახდინეთ პირველი კაპიტალის მობილიზება, როგორია, თქვენი გეგმები. ჯერ ერთი ფილიალი გაქვთ, აპირებთ გაფართოებას? გაიზრდება თუ არა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა თქვენს ქსელში?
-დაახლოებით 5 ადამიანი გვყავს დასაქმებული ბეჭდვის მხარეს და ადმინისტრაციულ ნაწილში უფრო ბევრი ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა, გეგმა „ბე“ უკავშირდება გაფართოებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოს ბაზარზე მსგავსი ფუნქციით წარმოდგენილი საწარმო ბევრი არაა. შესაბამისად, ჩვენი ბრენდი ამ მხარეს ავითარებს.
გვაქვს გეგმა და წლის განმავლობაში კიდევ ერთი ფილიალი შემოგვემატება. ბუნებრივია, ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩვენი ბრენდის არსებობით კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შევუწყობთ ხელს.
-გაქვთ თუ არა გეგმაში, რომ დამატებითი ფინანსები მოიპოვოთ სახელმწიფოსგან, ან სხვადასხვა ინვესტორებისგან, თუ განვითარებას თქვენი კაპიტალით შეძლებთ?
-ეს არის სფერო, რომლის მასშტაბური გეგმები უფრო მეტ კაპიტალს საჭიროებს. ამისთვის გვაქვს გეგმა, რომ მაღალბიუჯეტიანი საგრანტო კონკურსის მონაწილეებიც ვიყოთ.
ჩვენი ფინანსური მაჩვენებლებიც საკმაოდ მყარია, მაგრამ განვითარების მიზნებსა და გეგმებს უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება.