„შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ მიმართვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სააკაშვილი გიორგი გახარიას პარტიას კითხვით მიმართავს, შეუერთდებიან თუ არა ისინი ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას.
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას სთხოვს.
„მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.
მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას“, – წერს სააკაშვილი.