12 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „გათენდეს“ პრემიერით.
– ნუცა, წელს ყევლასთვის და განსაკუთრებით მუსიკოსებისთვის იყო განსხვავებული ახალი წელი, რადგან დღესასწაულმა გრანდიოზული კონცერტების გარეშე ჩაიარა, თუმცა ყველას მიეცა ახალი წლის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშვნის საშუალება. წელს საახალწლო კონცერტი მხოლოდ ტელევიზიით გადაიცა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ხილვა, მით უფრო, რომ უმშვენიერესი კაბა ბევრისთვის დიდი ხნის სალაპარაკო გახდა. მოკლედ მოგვიყევით სიმღერის შესახებ, რომელიც კონცერტზე შეასრულეთ, დღეს კი, ჩვენს მსმენელს მიეცით მისი ექსკლუზიურად მოსმენის საშუალება.
– დეკემბრის თვეში დავიწყე ფიქრი ახალ სიმღერაზე, რადგან ძალიან მინდოდა მქონოდა ლამაზი საახალწლო სიმღერა. აქტიურად შევუდექი მუშაობას. მართალია, კლიპის გადაღებაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი. თუმცა, აუცილებლად გავაკეთებ და შევთავაზებ ჩემს თაყვანისმცემელს. ორმაგად სასიხარულო იყო სიმღერის შობის დღსასწაულზე შესრულება, კაბა კი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, ზუსტად მოერგო კომპოზიციის, რადგან როცა პირველად მოვუსმინე სიმღერას ზუსტად ასეთი – ძალიან პომპეზური, ნამდვილი პრინცესას კაბა წარმოვიდგინე. საკუთარი იდეები ლაშა ჯოხაძეს გავუზიარე და სწორედ მან იზრუნა კაბის შეკერვაზე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
– სამწუხაროდ, ყველასთვის, მათ შორის მოდის ფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა გასული წელი, ამიტომ ყველას გამძლეობას და წარმატებულ 2021 წელს ვუსურვებ
– მართლაც ძალიან რთული წელი იყო. თუმცა ყველა ერთად ვიბრძვით სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ვფიქრობ, ასეთ დროს ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში. პირად მე ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ერთმანეთის დახმარებით შევძლებთ პრობლემების დაძლევას.
– წლის მანძილზე რამდენიმე ინტერვიუ მქონდა დიზაინერებთან, რომელთაც ახალი პროფესიები აღმოაჩინეს და განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს მათ მიმართ. თუმცა, ბევრს ე.წ. ვიპ-დაკვეთებიც ჰქონდათ. ნამდვილად არ ვიცი, ვისთვის ან რისთვის იპრანჭებოდნენ დამკვეთები, მაგრამ დიზაინერები უსაქმოდ ნამდვილად არ იყვნენ
– გეთანხმებით, ვიპ-ივენთები მართლაც იყო. მეც მქონდა მსგავსი შეთავაზებები. მაგალითად, ზაფხულში, როცა ყველაფერი გაიხსნა, ძალიან კარგი კონცერტების მოწყობა მოვახერხე, ზაფხული მართალც აქტიური და სახალისო გამოვიდა, თუმცა შედეგი მივიღეთ ნაკლებად სასიამოვნო.
– მართალია, მოწოდება „დარჩი სახლში“ ბევრს ძალიან აღიზიანებს, მაგრამ ერთმანეთის გაფრთხილება მაინც საჭიროა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სახლში გაჩერება, პირადად მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს.
– გეთანხმებით, ზოგჯერ მართლა გაუსაძლისია სახლში ყოფნა და თვითონაც ძალიან მიჭირს, რადგან ჩემს ხასიათში არაა პასიურობა.

– ვინაა ახალი სიმღერის კომპოზიტორი?
– მუსიკაც და ტექსტიც ნათია ივანიშვილმა დაწერა. ძალიან კარგი კომპოზიტორია, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გამაცნო და მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით. არანჟირებაზე ფიქრისას კი, რა თქმა უნდა, ბორიკო გამახსენდა, რადგან კარგად მიგებს და ყოველთვის ის მუშაობს ჩემს სიმღერებზე. ერთი სიტყვით, კომპოზიციაზე ნამდვილმა პროფესიონალებმა იმუშავე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კარგი გამოვიდა. ძალიან მინდოდა პოზიტიური სიმღერის გაკეთება, რადგან უამრავი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, მე კი, სულ პოზიტიური სიმღერებით და მესიჯებით ვცდილობ ადამაინების გამხნევებას და გახალისებას.
– ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნუცა ბუზალაძე დედისერთაა, რადგან ისე ძალიან უყვარს მეგობრები თითქოს ყველა მისი და-ძმაა, მაგრამ სინამდვილეში ნუცა მართლაც დედისერთაა, სიგიჟემდე უყვარს საკუთარი დედა და ოჯახი. საინეტერსოა, ახერხებთ თუ არა თქვენი სიმღერით საკმარისი თანხის გამომუშავებას და ოჯახის დახმარებას, თუ რომელიმე სხვა ბიზნესშიც ხართ ჩართული?
– 16 წლიდან დამოუკიდებელი ვარ და საკუთარი პროფესიითაც საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს, ამიტომ ახლობლების დახმარებასაც ვახერხებ და არც ჩემს პროფესიას ვაკლებ არაფერს. რა თქმა უნდა, თანატოლებისგან განსხვავებით ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ თვთონ ავირჩიე ასეთი ცხოვრება და დამოუკიდებლობა. საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია რეალობასთან შეჯახება, თუმცა 23 წლის ასაკში გამოცდილებაც საკმარისი მაქვს და საყვარელი ადამიანების დახმარების საშუალებაც. თუმცა, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ რჩევით და გვერდში დგომითაც. ბავშვობიდან მინდოდა ახლობლებზე ზრუნვა, ამიტომ დღეს, ყველა პროექტზე, ნებისმიერ გამარჯვებაზე მეტად, სწორედ ამგვარი შესაძლებლობა მიმაჩნია ჩემს მთავარ მიღწევად.
– ყველა ადამიანს აქვს უცნობი ისტორიები, რომლებიც არცერთმა ჟურნალისტმა არ იცის. საინტერესოა, როგორია უცნობი ნუცა ბუზალაძე?
– ყველამ იცის, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ძალიან მიყვარს ჩემიანები და განსაკუთრებით დედა, რადგან ჩემთვის ყველა დედა გმირია, ვინც მარტომ გაზარდა შვილი. მართალია, მეტწილად დეიდასთან ვცხოვრობდით სტამბოლში, მაგრამ სირთულეებთან გამკლავება მაინც მარტოს უწევდა, რადგან მამასთან არასდროს მიცხოვრია. საუკეთესო ბავშვობა მქონდა, რისთვისაც პირველ რიგში სწორედ დედას ვემადლიერები და შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვზრუნავ მასზე ყველაზე მეტად, მინდა რომ, ყველაფერი საუკეთესო მივცე და ყველაფერი ერთიანად ავუნაზღაურო. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველა მისი სურვილის ასრულება შევძელი.

– ალბათ ძალიან მიზანდასახული ხართ?
– ნამდვილად არ ვიქნებოდი ასეთი, არ მექნებოდა მოტივაცია, დედის მონდომება რომ არ მენახა და ის არ გამხდარიყო ჩემთვის ეტალონი.
– ეკრანზე ყველაფერი ლამაზად ჩანს, სინამდვილეში როგორაა?
– რა თქმა უნდა, ყველას ჰგონია, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს და არასდროს არ მქონია, არადა სინამდვილეში, ძალიან ადრეული ასაკიდან მომიწია პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება. სხვათაშორის, 5-6 წლიდან ვაწყობდი სახლში კონცერტებს და ბილეთებსაც საკმაოდ კარგ ფასად ვყიდდი, რადგან პირველ რიგში, დეიდაჩემის პარტნიორ ბიზნესმენებზე ვფიქრობდი და ბილეთებსაც მათზე გათვლით ვაფასებდი სულ მცირე 50 დოლარად. საბედნიეროდ, ყველა ყიდულობდა, რადგან სტუმრად მოსულებს ეუხერხულებოდათ ბავშვისთვის უარის თქმა. იმ ფულით საკუთარი თავისთვის და დეიდაშვილებისთვის ვყიდულობდი საჩუქრებს.
– რა რეპერტუარი გქონდათ 5 წლის ასაკში, რომელი იყო ყველაზე საყვარელი სიმღერა?
– პირველ რიგში, ყველას ვაიძულებდი ჩემს კონცერტზე დასწრებას. სულ მცირე სამჯერ ვიცვლიდი, დეიდას კაბებს ვიცვამდი, მკერდის ნაცვლად კი, ბუშტებს ვიდებდი და მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებდი. რამდენიმე სეტი მქონდა, თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვღეროდი და ვცეკვავდი. რა თქმა უნდა, თავიდან მხოლოდ ვერთობოდი, მაგრამ კონცერტები ნელ-ნელა დაიხვეწა და მეც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. სხვათაშორის, სიმღერა „Lady Marmalade“, რომელსაც ექვსი წლისა ვღეროდი, მოგვიანებით თურქეთში, პოპულარულ პროექტში Voice-ში ვიმღერე.

– ყველაზე ხშირად რომელ მომღერალს გამსგავსებენ?
– არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ბევრი მამსგავსებს არიანა გრანდეს. თუმცა, თვითონ ვერანაირ მსგავსებას ვერ ვამჩნევ, მით უფრო, რომ საკუთარ ინსპირაციად ბიონსეს და ჯენიფერ ლოპესს ვთვლი.
– ალბათ დუეტსაც სიამოვნებით ჩაწერდით ამ მუსიკოსებთან?
– რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი რომ გავხდები, აუცილებლად ვითანამშრომლებ ორივესთან.
– ქართლველ მუსიკოსებს შორის, ვის ანიჭებთ უპირატესობას?
– კარგი დუეტები გამომდის ანდრია გველესიანთან.
– როგორ მიდის ახალ ალბომზე მუშაობა?
– ალბომის ჩაწერას უკრაინაში ვგეგმავ, ძალიან მინდა იქაურ სტუდიაში მუშაობა.
– იქნება თუ არა ახალ ალბომში საავტორო სიმღერები?
– სულ მცირე ხუთი სიმღერა იქნება ჩემი. ძალიან მომწონს ნათიას სიმღერები, ამიტომ მასთანაც ვგეგმავ თანამშრომლობას.
– ვინაა თქვენი რჩეული?
– მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ 19 წლიდან შეყვარებული ვარ!
– ბევრი ინტერესდება თქვენი რჩეულის წარმომავლობით, რადგან ეჭვი ეპარებათ, რომ ის ქართველია
– მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ის მართლაც ქართველია.

– დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ინტერვიუთი თქვენმა თაყვანისმცემელმა უაამრავი ახალი გაიგეს თქვენზე
– ძალიან მინდა, რომ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ ჩემი ისტორია. რამდენად რთული გზა გავიარე და რის ფასად მივაღწიე დღევანდელ მდგომარეობას, რადგან ბევრი ძალიან ზერელედ მსჯელობს და ჰგონია, რომ რაღაც მაქვს თავში ავარდნილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფორტუნა მხოლოდ მას უღიმის, ვისაც სხვისთვის უნდა სიკეთე. არ მჯერა, რომ დაბოღმილ და გაბოროტებულ ადამიანებსაც სწყალობთ იღბალი, ვისაც არასდროს გაუკეთებია სიკეთე.
– თქვენ რა გამოცდილება შეგმატათ პანდემიამ, იყვნენ ადამიანები, ვინც ზურგი შეგაქციათ?
– მეც ვაწყენინე ერთ ადამიანს, რაც მერე ძალიან ვინანე. პანდემიის დროს კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეტად უნდა დავაფასო ჩემი ახლობლები, ისინი, ვისაც მართლა კარგი უნდა ჩემთვის. მანამდე სულ დაკავებული ვიყავი და ნაკლებად ვაქცევდი ამ ადამიანებს ყურადღებას, ახლა კი, მეტი დრო მაქვს და ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, სწორედ ეს მაკლდა და ბედნიერი ვარ, რომ დანაკლისი შევივსე.
– რას ეტყვით იმ ადამიანებ, ვინც გული დაგწყვიტათ?
– ვფიქრობ, ჩემი ბრალია, რადგან დაუმსახურებლად ნამდვილად არავის დაუწყვეტია გული.
– რაზე ოცნებობთ, რაც აუცილებლად უნდა ასრულდეს 2021 წელს?
– ძალიან მინდა, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალო უკეთესისკენ. ძალიან ბევრს გაუჭირდა ჩემს გარშემო, ამიტომ მინდა მაქსიმალურა ყველას დავეხმარო.
გადაცემის აუდიოჩანაწერი


