ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი მმართველ გუნდს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
“მოვუწოდებთ, შეზღუდონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ განახორციელონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება”, – ამბობენ ევროპარლამენტარები.
ერთბლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია აშფოთებთ.
“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია. სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ არსებული ინსტიტუტებისათვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.
საქართველოს მთავრობა, მმართველ პარტიასთან ერთად, ატარებს პასუხისმგებლობას, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის არსებული რთული ვითარებიდან,“– ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ისინი მზად არიან მხარეებს დახმარება გაუწიონ დიალოგში და ხაზს უსვამენ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა.