LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინდი მედიცინასა და ეკოლოგიაში

131
შინდი

შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში. მისი ნაყოფი მეტად სასარგებლოა. შეიცავს: შაქრებს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვისა და ნიკოტინის მჟავებს), პექტინებს, მთრიმლავ და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, C და P ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და გოგირდის მარილებს. C ვიტამინის შემცველობით შინდი შავ მოცხარსაც კი ჯობნის. მცენარის ფოთლები მდიდარია C და E ვიტამინებით.

შინდი, როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მის შემადგენლობაში შემავალi ფიტონციდების სიჭარბე, დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდის ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის დროს. ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს. პექტინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.



შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე ხმელი ნაყოფის მიღება. შინდის ნაყოფი ნაჩვენებია ღვიძლისა და თირკმელების დაავადებათა დროს.
სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შინდის ფოთლებიც. შინდის ფოთლებისა და ტოტების ნაყენი გამოირჩევა შემომგარსველი მოქმედებით. გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, შარდმდენი და შაქრის დამწევი საშუალება. რევმატიზმისა და პოლიართრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია შინდის ფესვებისა და ქერქის ნახარში. შინდი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მათ, რეგულარულად უნდა მიირთვან ნაყოფის ახალგამოწურული წვენი.

შინდის ფესვები და ქერქი შეიცავს გლიკოზიდ კორინს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ავადმყოფს ცხელება აქვს, მას შეიძლება, შინდის ახალგამოწურულ წვენთან ერთად მცენარის ნაყოფისა და ყვავილების ნაყენიც დავალევინოთ. ნაყოფის ახალამოცლილი, დაქუცმაცებული და ოდნავ მოხალული კურკების ნაყენით ნახეთქებს მკურნალობენ. შინდის ნაყენი ხსნის ტუბერკულოზურ ინტოქსიკაციას, წელის ტკივილს, ამაგრებს და აჯანსაღებს შარდის ბუშტს. შინდი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამოირჩევა – ჰაერს მავნე ბაქტერიებისა და მწერებისგან წმენდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები