LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შობადობა 5.0%-ით შემცირდა – 2023 წელს საქართველოში 40 214 ბავშვი დაიბადა

115
შობადობა

2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და  19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით – მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.

2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).

2023 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა. 2023 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე შეადგინა.

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

გასულ წელს ქორწინების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა

პოპულარულები