LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადის ნიღბები ყველა სახის კანისთვის

1943

შოკოლადი არა მარტო გემრიელი ტკბილეული, არამედ მშვენიერი კოსმეტიკური საშუალება და შეუდარებელი ანტიდეპრესანტიცაა. მის სასარგებლო თვისებებზე უძველესი დროიდანაა ცნობილი, რადგან ის (განსაკუთრებით შავი შოკოლადი) ჩვენი კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს – თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, მანგანუმს და კალცს შეიცავს. გარდა ამისა, შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და უჯერი მჟავებით, რაც ეხმარება ჩვენს კანს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. დღეს კოსმეტოლოგიაში შოკოლადის ნამდვილი ბუმია, ამიტომ ბევრი ელიტარული კოსმეტოლოგიური სალონი მიმართავს შოკოლადის თერაპიას. თუ გსურთ გქონდეთ მოვლილი, მუდამ ახალგაზრდა და აბრეშუმივით სასიამოვნო კანი, ნუ დააყოვნებთ და სასწრაფოდ მიმართეთ “გემრიელ” პროცედურებს! მითუმეტეს, რომ ძირითადი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, შოკოლადის თერაპიის ჩატარება კი, თავისუფლად შეიძლება სახლის პირობებშიც.

სახის ნიღაბი შოკოლადისგან არა მარტო აუმჯობებესებს სახის კანს, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ და დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში, რადგან მას ძალიან ძლიერი და სასიამოვნო არომატი აქვს, რომელიც ენდორფინის – სიხარულის ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს. კანის თითოეული ტიპისთვის თავისი შოკოლადის ნიღაბი არსებობს, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ხელმისაწვდომ ვარიანტს.

შოკოლადის ნიღაბი მშრალი კანისთვის

  1. 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადი აურიეთ ერთმანეთში და სახეზე 15-20 წუთით სქელ ფენად დაიდეთ, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კარგად კვებავს და ატენიანებს კანს, სახე კი, ხავერდოვანი და ცოცხალი ხდება.  
  2. 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი კაკაო აურიეთ ერთმანეთში და 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე. ნიღაბი ფრთხილად მოიცილეთ ბამბის ტამპონით, სახე კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი პროცედურის შემდეგ სახე ბზინვარებას და ბრინჯაოსფერს იძენს.

შოკოლადის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის 

  1. 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში და სუფთა კანზე 15-20 წუთით დაიდეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მერე კი, გრილი წყალი შეისხით სახეზე. ამგვარი ნიღაბი შეავიწროვებს ფორებს, კანი კი, ჯანსაღ ფერს და სიგლუვეს შეიძენს.
  2. 2 სუფრის კოვზი კენკრის (მარწყვი, მოცხარი და სხვა) ან ვაშლის პიურე (სასურველია მჟავე) და 1 სუფრის კოვზი კაკაო სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ, მერე კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა საგრძნობლად აუმჯობესებს სახის ფერს და აქრობს პიგმენტურ ლაქებს.

შოკოლადის ნიღაბი პრობლემური კანისთვის

  1. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი კურკუმი, 1 ჩაის კოვზი დარიჩი და 1 სუფრის კოვზი კაკაო კარგად აურიეთ ერთმანეთში და 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე. თბილი წყლით ჩამობანამდე წრიული მასაჟი გაიკეთეთ სახეზე. ნიღაბი აქრობს გაღიზიანებას,  ახორცებს ჭრილობებს და აქრობს ანთებით პროცესს.
  2. 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადის კარგად არეული მასა 20 წუთით გაიჩერეთ სახეზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მერე კი, გრილი წყალი შეისხით. ნიღაბი კანს ხავერდოვნებას მატებს, აქრობს წვრილ გამონაყარს, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კი, მუწუკებიც იწყებს გაქრობას.

შოკოლადის სკრაბი სახისთვის

  1. 1 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა, 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი კურკუმი და 2 სუფრის კოვზი კეფირი ან არაჟანი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 10 წუთით გაიჩერეთ სახეზე. თბილი წყლით ჩამობანის წინ, წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. ამგვარი სკრაბის დახმარებით კანი მკვრივი და ელასტიური ხდება, სახეზე კი, მშვენიერი არომატი რჩება.
  2. 2 სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადი და 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქვილი ზღვის მარილის თბილი მასა 5 წუთით გაიჩერეთ სახეზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სკრაბი საუკეთესო საშუალებაა კანის ღრმა წმენდისა და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად. კანი კი, პროცებურის შემდეგ გლუვი და ხავერდოვანი გახდება.  

 

სასიამოვნო შოკოლადის თერაპიას, სილამაზეს და ახალგაზრდობას გისურვებთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g