ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა კაცებთან მიმართებაში 40-60 პროცენტზეა. კაცების ანაზღაურება ბიზნეს სექტორში საშუალოდ 515 ლარით მეტია ქალების შემოსავალზე და 1380.5 ლარს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“, რომელიც პროექტის „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩატარდა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას.
“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო ქალებისთვის და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი.
აღნიშნულ თემაზე, “ფორტუნას” ეთერში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა გურულმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდა დამწყები მეწარმეები ნაკლებად არიან ჩართული ბიზნესში.
ამასთან, მდგომარეობა ქალების ბიზნესში ჩართულობის მხრივ არ გაუმჯობესდა, პირიქით, კვლევისას გამოვლინდა, რომ 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია.
ირინა გურულის რეკომენდაციით, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად საჭიროა პირველ რიგში, ადრეულ ეტაპზებზე განათლებაზე ზრუნვა, ასევე ქვეყანაში უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა წაახალისონ ქალების მფლობელობაში არსებული სერვისების და პროდუქციის მოხმარება მოქალაქეებში.
მისივე რჩევით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობები უნდა შეიცავდეს ქალებისა და გოგონების გაძლიერებისკენ, აგენტობის მოპოვებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.