აპრილიდან ივნისის თვის ჩათვლით ტყეებში, ტყის პირებზე, მინდვრებში, ულამაზესი თეთრი ყვავილი შროშანი იზრდება, რომელიც მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ძლიერ შხამიანია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას დეკორატიულ მცენარედაც მიიჩნევენ. შროშანის სამკურნალო ნედლეულს მცენარის ყვავილობის ფაზაში ამზადებენ. შეგროვებისას აუცილებელია დანით ან მაკრატლით მუშაობა, რადგან მისი მოგლეჯა ყოვლად დაუშვებელია. ნედლეულის შრობა შესაძლებელია ჩრდილში, სხვენზე, ღია ცის ქვეშ. შროშანის გაშრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან თუ ტემპერატურა დაბალია, სწრაფად შავდება და სამკურნალო თვისებებს მაშინათვე კარგავს. მისი შენახვა 2-3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ნედლეულის დამზადების, გამოშრობისა და შენახვისას სიფრთხილე უნდა დავიცვათ, რადგან იგი შხამიანია და მისი სხვა ნედლეულთან მოხვედრა არ შეიძლება.
სამკურნალო მიზნით მთლიანად მიწის ზედა ნაწილები გამოიყენება, რომლებიც 20-ზე მეტი სახეობის საგულე გლიკოზიდებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში ადვილად იშლება და საკმაოდ მაღალ ეფექტს იძლევა. კორვალერიანის შემცველობის გამო, მას უპირველეს ყოვლისა წამალთა ნაკრებებში იყენებენ. გარდა ამისა, მცენარე შროშანი შეიცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, საპონინებს, ქოლინს, ც-ვიტამინს. კერძოდ ყვავილების შემადგენლობაში კი ვერცხლი, ტყვია, რკინა, ალუმინი, თუთია, კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ბორი და ბარიუმი შედის.
შროშანის ნაყენი და მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება გულის დაავადებების, ნევროზისა და მსუბუქი ისტერიის დროს. აწესრიგებს გულის მუშაობას და სისხლის მიმოქცევას. შროშანის სამკურნალო საშუალებებს ხშირად ათეროსკლეროზის, გულის ჩხვლეტებისა და გულის უკმარისობის დროს იყენებენ. მისი პრეპარატები აძლიერებს შარდის გამოყოფას, აქრობს ტკივილს, ქოშინს, სილურჯესა და შეშუპებას. შროშანის ყვავილებისაგან იღებენ პრეპარატ კორგლიკონს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს. ზოგადი ფარმაკოლოგიური მოქმედებაა – ძლიერ ანტივირუსული, კუჭ-ნაწალვის პერისტალტიკის გამაძლიერებელი და შარდმდენი. მისი გვერდითი მოვლენა არის ის, რომ მცენარე ძლიერ შხამიანია. სწორედ ამიტომ, ექიმის მითითებით მკაცრად უნდა ვიხელმძღვანელოთ.