„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოახდინოს დანაშაულის პრევენცია და მისი აღკვეთა. ეს დასტურდება, ჩვენ მიერ, დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებით, რაც შეიძლება გამხდარიყო დანაშაულის ჩადენის წინაპირობა,“ – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.
ყველა ჩამოთვლილ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში კი მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.