LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები გადაეცა

159

იაპონიის მთავრობისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-მდე ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

საქართველოში 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი იაპონური გრანტის მეშვეობით 20 დეკემბერს შემოვიდა.

ავტომობილები მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოიყენებენ.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

არსებული საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ქვეყნის პოლიცია ეტაპობრივად გადადის გარემოსთან უფრო თავსებად ავტომანქანებზე, როგორიცაა ჰიბრიდები და ელექტრომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.

“საპატრულო პოლიციის მიერ ახალი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავს”, – განაცხადა მინისტრმა.

ფოტოებს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g