სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტმა მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმცხადებლის ინფორმირების წესის დარღვევის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება ითხოვა.
“ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს და ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვა. გამოთხოვილი ინფორმაცია შეეხებოდა უწყებაში ბავშვთან დაკავშირებით შესული შეტყობინებებისა და მისი პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულებმა ორგანიზაციის წარმომადგენელს არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია.
სახელმწიფო ინსპექტორმა ნაწილობრივ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და 2019 წლის პირველ აგვისტოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორმა უწყებას ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 100 ლარის ოდენობით შეუფარდა. ამავე გადაწყვეტილებით, სამინისტროს დაევალა, განმცხადებლისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა და მიეცა რეკომენდაცია მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიზნით სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად,”– აღნიშნავენ ორგანიზაციაში.