LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული 2 პირიდან, ერთს პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად

396
BeFunky-collage (6)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ერთ პირს ბრალად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

უწყების ინფორმაციით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

„20 დღეა არ მინახავს.. მოწმედ იყო დაბარებული“ – არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები