როგორ დავისვენოთ და მივიღოთ სიამოვნება, დავაბალანსოთ საკუთარი ცხოვრება და მივაღწიოთ ჰარმონიას, ერთი სიტყვით როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება – გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს სკანდინავიელი ქალბატონებისგან.
მშობლიური სახლი – „ბედნიერია ის, ვინც საკუთარ სახლში გრძნობს თავს ბედნიერად!“ – ცნობილ შვედურ ანდაზას მეცნიერები ადასტურებენ, რომელთა მტკიცებით გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანზე, ამიტომ სახლი, სადაც ჩვეულებრივ იწყება და სრულდება დღე, მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ჩვენს მოთხოვნილებებს. სკანდინავიურ სახლში, რომელიც ყოველთვის იდეალურადაა მოწყობილი, ელეგანტური და კომფორტული ავეჯი აუცილებლად ერთმანეთისგან მოშორებითაა მოთავსებული, რათა საკმარისად შენარჩუნდეს თავისუფალი სივრცე. კომფორტის მთავარი შემადგენელი – მყუდროება და ბუნებასთან სიახლოვეა, რაც შვედებმა იდეალურად აითვისეს, რადგან მაღალმთიანი რეგიონებით, ხშირი ტყეებით და ტბებით ცნობილ ქვეყანაში ყველა იდეალურად ფლობს ბუნებრივი მასალის გამოყენების ხელოვნებას.
სულიერი სიმშვიდე – დასვენება და სრულფასოვანი ძილი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფიქრებთან და დღის მანძილზე მიღებულ შთაბეჭდილებებთან. მართალია, ექპერტები ძილის წინ გაჯეტებზე უარის თქმას და საინტერესო წიგნის წაკითხვას, თბილი აბაზანის მიღებას ან მშვიდი მუსიკის მოსმენას გვჩირჩევენ, მაგრამ შვედები დილას გრილ შხაპს ანიჭებენ უპირატესოაბს, რაც ორგანიზმს გამოფხიზლებაში ეხმარება, ვახშმის შემდეგ კი, სეზონის და ამინდის მიუხედავად, დიდხანს სეირნობას ამჯობინებე, რაც ორგანიზმს მოდუნებასა და ძილისთვის მზადებაში ეხმარება.
სასარგებლო და გემრიელი შვედური სამზარეულო – სპეციალისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ შვედური დიეტა საუკეთესოა, რადგან მისი მთავარი უპირატესობა სეზონური პროდუქტის და ინგრედიენტების ბალანსია. ექიმების კვლევით, ჯანსაღი სკანდინავიური დიეტა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და მძიმე დაავადებების განვითარების რისკს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ძირითადი შვედური პროდუქტი – ქაშაყი და კარტოფილი, წითელი მოცვი და ჭვავის პური დიდი ხანია ადგილობრივების რაციონის მთავარი შემადგენლია.
ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის – მართალია, შვედები საოცრად შრომისმოყვარენი არიან, მაგრამ სახლი და ოჯახი მაინც უმთავრესია. შვედები არასდროს ელიან უფროსის წასვლას, საერთოდ არ აქვთ სამუშაო დღის გრაფიკი და მაშინ ტოვებენ ოფისს, როცა დაგეგმილ სამუშაოს შეასრულებენ, რადგან მათთვის ოჯახთან, მეგობრებთან დროის გატარება და სასიამოვნო საქმის კეთება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ვიდრე კარიერა. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომაა შვედების მუშაობა ყოველთვის შედეგიანი, შესრულებული სამუშაო კი, ხარისხიანი.
მეტი დრო ბუნებაზე – შვედებს ძალიან უყვართ ტყეში სოკოს ძებნა და პიკნიკის მოწყობა, ნაოსნობა და თხილამურებით სრიალი, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სუფთა ჰაერი და ბუნებასთან ურთიერთობა ერთის მხრივ, აღადგენს ფსიქიკურ წონასწორობას და ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, მეორეს მხრივ კი, აჯანსაღებს და აბედნიერებს ადამიანს.
ურთიერთობის ხელოვნება – შვედები დიდ პატივს სცემენ პირად სივრცეს და არასდროს აბეზრებენ მეგობრებს თავს ზედმეტი ურთიერთობით. ყოველთვის ყურადღებით უსმენენ მოსაუბრეს და არასდროს ცდილობენ უხერხული პაუზის უაზრო ყბედობით შევსებას. მიბაძეთ შვედებს, ისაუბრეთ მშვიდად და აუღელვებლად, მიეცით მოსაუბრეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, კარგად გაიაზრეთ მისი სიტყვები და ყოველთვის დაფიქრებით გაეცით პასუხი. ამასთანავე, შვედები დიდად აფასებენ გულწრფელობას. მართალია, სიმართლე ხშირად მწარეა, სამაგიეროდ შვედებთან ურთიერთობას არასდროს იგრძნობთ თავს მოტყუებულად.