LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილად აყვანის სირთულეები – რა პრობლემებს აწყდებიან მშვილებლები და რა ხარვეზებია კანონში

360
bavshvi-1-2021-10-29-11-08-20-822124

თემა, რომელსაც საქართველოში მუდმივად ტაბუ ადევს – შვილის აყვანა როგორც წესი, სასტიკად გადაისუმლოებულია, რაც პრინციპში კანონმდებლობითაა დაცული. ამას უფლებადამცველების ნაწილი ხარვეზად მიიჩნევს და ასევე ფსიქოლოგებიც თვლიან, რომ ბავშვს მცირე ასაკიდან ეტაპობრივად ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

„ფორტუნამ“ ამ თემაზე მუშაობისას არაერთი ფაქტი აღმოაჩინა, როცა ხან ფულის გამოძალვით აშანტაჟებდნენ მშობლებს, რომ ბავშვს ეტყოდნენ აყვანილი რომ იყო. წლების წინ მოხდა ტრაგედიაც, როცა კახეთში 11 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც გაიგო, რომ ნაშვილები იყო. ჩვენ შევეცადეთ ამჯერად თქვენთვის გვეჩვენებინა პრობლემების სრული ჩამონათვალი, რაც შვილის აყვანის შემდეგ ჩნდება, ასევე გავარკვიეთ ამ საქმის სამართლებრივი დეტალები და მოსაზრება ვკითხეთ სპეციალისტებს.

 

ბავშვის შვილად აყვანის სირთულეები

 

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში შვილად აყვანა მთელ რიგ ბიუროკრატიულ პრობლემებთან და ხანგრძლივ დროსთანაა დაკავშირებული. თითოეულ ჩვენგანს ხშირად ისიც კი სმენია, რომ ოჯახები წლობით იყვნენ მომლოდინეთა სიაში. არადა, მეორე მხრივ, როგორც გავარკვიეთ, თუ ბავშვი 8 თვის განმავლობაში საქართველოში ვერ გაშვილდა, შემდეგ მას საზღვარგარეთ აშვილებენ.

ბავშვის შვილად აყვანა, როგორც უკვე ვთქვით, გასაიდუმლოებული ამბავია ხოლმე, რაც ერთგვარი სტიგმის, ბულინგის, ზოგჯერ შანტაჟის საწყისი მიზეზი ხდება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენმა არაერთმა მცდელობამ, მოგვესმინა იმ ადამიანების ისტორია, ვინც ბავშვი შვილად აიყვანა ან ახლა აპირებს. ცხადია, ვაძლევდით გარანტიას, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოხდებოდა, შეიცვლებოდა სახელიც, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, თუ შიშის გამო, ამ ადამიანებმა ღიად საუბარი არ მოისურვეს.

„ფორტუნამ“ ის იურისტი ჩაწერა, ვისაც ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობსი გამოცდილება აქვს. თინათინ ჭიხორიამ გვითხრა, რა ეტაპებს გადის მშვილებელი და რა დეტალები უნდა იცოდნენ მსურველებმა.

„ამ პროცესში ჩართულია მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ასევე გასაშვილებელ პირთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი არსებობს, ამ რეესტრის გარეთ შვილად აყვანის შემთხვევა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება. შვილად აყვანა შეუძლია დაუოჯახებელსა და ოჯახსაც, თუმცა ერთ ბავშვს ორი პირი ვერ იშვილებს, თუ ისინი ქორწინებაში არ იმყოფებიან. მათ უნდა წარადგინონ განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის, ნასამართლეობის, შემოსავლის შესახებ. შვილის აყვანა ასევე შეუძლია სოციალურად დაუცველსაც, თუმცა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს შესაძლებლობა, ბავშვს ჯანსაღი პირობები შეუქმნას. ყოველ წელს კი უნდა წარადაგინოს ცნობა საკუთარი ეკონომიკური შემოსავლის შესახებ“, – გვეუბნება ჭიხორია.

როგორც გაირკვა, ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვადებია.

„როცა ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება, 8 თვის მანძილზე თუ ვერ მოხდა საქართველოში მისი გაშვილება, ის ექვემდებარება საზღვარგარეთ გაშვილებას და ეს უფრო მარტივად ხდება რატომღაც, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხევა დროში გაწელვის პრობლემას, ბიოლოგიური მშობლის გამოჩენას არ ელოდებიან, ეს არის უფრო ბიუროკრატიასთან დაკავშირებული საკითხი, ზოგს სრულფასოვანი დოკუმენტები ვერ მიაქვს. ასევე მშვილებლის ასაკობრივი ზღვარია განსაზღვრული, არ უნდა იყოს 16 წელს ქვემოთ და 49 წელს ზემოთ. ზოგჯერ ამ კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებენ ხოლმე მსურველები“, – აცხადებს იურისტი.

 

 

უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა, რომ ნაშვილებია

 

ამ თემაზე საზოგადოებაში დავა შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა ჩვენ მოვიძიეთ სპეციალისტების მოსაზრებები, განცხადებები, რომლებიც არაერთხელ გაუკეთებიათ მათ მედიის საშუალებით. მათ შორის უფლებადამცველები ამ მხრივ კანონში არსებულ ხარვეზებზე მაგ. ანა აბაშიძე ამბობს, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ინფორმაციის გასაიდუმლოებას მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს უშვებს, როცა სიმართლემ შესაძლებელია გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე მისმა დამალვამ. მისი თქმით, საქართველოში კანონი არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეგახსენებთ, ჩვენი კანონდებლობით, შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დასჯადია.

კანონის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად საუბრობენ ფსიქოლოგები. მაგ. მაია ცირამუას არაერთხელ უთქვამს, რომ სახელმწიფომ კანონის რეფორმა უნდა დაიწყოს. ფსიქოლოგი იმასაც ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება ბავშვის ყურამდე ინფორმაცია გარეშე პირმა მიიტანო. სპეციალისტის აზრით, ადამიანები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ, ბავშვის ყურამდე მიაქვთ, უნდა დაფიქრდნენ, რის წინაშე აყენებენ მას.

„თუ ბავშვის უფლებებიდან ამოვალთ, აუცილებელია, რომ შვილად აყვანის შესახებ ბავშვს ინფორმაცია ჰქონდეს. ამის უფლება აქვს ყველას და თანაც ყველა დრამას თავიდან ავიცილებთ“, – ამბობს მაია ცირამუა.

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ დაუმალო ბავშვს მისი გაშვილების შესახებ ინფორმაცია, შეცდომაა.

საკმაოდ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რამდენად შეიძლება, ან რა შემთხვევაში ხდება ბიოლოგიური მშობლის მიერ უკვე გაშვილებული ბავშვის დაბრუნება. როგორც იურისტმა თინათინ ჭიხორიამ გვითხრა, ერთი – როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მშობელმა ამ დროს გამოთქვა ბავშვის დაბრუნების სურვილი, მეორე – თუ სასამართლო დასრულდა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში არ არის შესული და მესამე – როცა გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, მაგრამ მშვილებელს პრობლემა შეექმნა, უუნაროა და ბავშვის მოვლა აღარ შეუძლია. ასეთ დროს , როგორც იურისტი ამბობს, ბიოლოგიურ მშობელს უკავშირდებიან და აწვდიან ინფორმაციას. სურვილის შემთხვევაში კი, მას ბავშვი დაუბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g