„შვილმკვდარი დედისთვის არ არსებობს არცერთი სანუგეშო სიტყვა“, – ამის შესახებ გადაცემაში „ფაქტი და პოზიცია“ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.
ეკა კუპატაძემ 17 წლის ნიკა ღუნაშვილის შემზარავი მკვლელობა გაიხსენა:
„შვილმკვდარი დედისთვის არ არსებობს არცერთი სანუგეშო სიტყვა, ჩემი პატარა, ორი წინადადებით მიხვდება ნიკა ღუნაშვილის დედა, რომ მე მისი შვილი მტკივა ისე, როგორც ჩემი შვილი. მიჭირს საუბარი, ძნელია… მე შემიძლია ბრძოლა, მაგრამ ტრაგედიაზე საუბარი კიდევ უფრო მეტად მანგრევს, მასუსტებს… ამ მკვლელებს მშობლები აყალიბებთ ასე, ნიკა ღუნაშვილი, თამამად შემიძლია ვთქვა, არ მოუკლავს მხოლოდ ნიკა კაპანაძეს, ის მოკლა მისმა დედამაც, მისმა მამამაც ამის ხელით…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
