პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადება, პარლამენტიდან გასვლის შესახებ „სიცანცარეა.“
მისი თქმით, ამას ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერ მოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს.
„აი, გამოდით“ და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე: რა მოხდება პარლამენტში დარჩენის შემთხვევაში, ელისაშვილი პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმას მაინც წამოაძახებენ, რომ უპასუხისმგებლოები არიან, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობას.“
„გუშინ ვისმენდი – „არიქა, გამოდით პარლამენტიდან“, მაგრამ ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი არის ხოლმე შეცდომა“, – თქვა დეპუტატმა.
„მოქალაქეების“ ლიდერი ფიქრობს, რომ ამ კითხვის ადრესატები მისი პარტიის წევრები არ არიან, რადგან ისინი პარლამენტში თავიანთი მემორანდუმით შევიდნენ. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანოდან გასვლა იქნება ძალიან ნაჩქარევი.
„ჯაფარიძის გასვლაც არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ერთადერთი რამ არის გამოსავალი, რომ არჩევნები რომ მოვა, მოსახლეობამ მხარი არ უნდა დაუჭიროს არც ერთ მავნებელ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
სანამ ეს ორი პარტია იქნება ძირითადი მოთამაშე, მანამ ვიქნებით თავჩაქინდრულები და ასეთი შეურაცხყოფილები. მათ ქვეყანა არ ადარდებთ, იდენტური ქცევები აქვთ – როცა „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს, მერე ნუღარ გვიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა. ერთსაც და მეორესაც ქვეყანა ფეხებზე კიდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.