სიცილის თერაპია წარმატებით ამცირებს შფოთვას და კეთილდღეობის განცდასაც იწვევს.
როგორც ესპანეთის ხაენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავიანთ მეტაანალიზში დაადგინეს, სიცილი ადამიანებს მართლაც ეხმარება ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში და ცხოვრებისადმი კონტროლის დაბრუნებაში. უახლესი კვლევა ჟურნალმა New Scientist-მა გამოაქვეყნა.
სიცილის თერაპია ფსიქოთერაპიის მიმართულებაა, რომელიც ადამიანებს სიცილში ეხმარება. მისი ინსტრუმენტებია: სიცილის იოგა, სიცილის თერაპიული სესიები (მათ შორის ონლაინ), იუმორისტული ტრენინგი, სიცილის სიმულაციის პროგრამები, საავადმყოფოებში ჯამბაზების ვიზიტები და იუმორისტული ჩანაწერები.
დაახლოებით 1000 პაციენტს, რომლებსაც შფოთვითი აშლილობა ჰქონდათ, უტარდებოდათ სიცილის თერაპია, ამასთან, იმავე რაოდენობის მონაწილეები ან ჩვეულებრივ ფსიქოთერაპიას იღებდნენ, ან საერთოდ უარს ამბობდნენ თერაპიაზე. მეორე ჯგუფში პროგრესი ისეთი მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, როგორც პირველში.
ყველაზე ეფექტურად შფოთვის წინააღმდეგ იმუშავა სიცილის იოგამ და ზოგადად სიცილის თერაპიამ, ხოლო ყველაზე ნაკლები შედეგი იუმორისტულმა ჩანაწერებმა აჩვენა. სიცილის თერაპია ასევე ეფექტური აღმოჩნდა კეთილდღეობის გრძნობის გასაძლიერებლად, თუმცა მაქსიმალური ეფექტი მაინც სიცილის იოგამ მოიტანა.
სიცილის იოგა აერთიანებს უმიზეზო სიცილსა და სწორ სუნთქვას. ამ იოგის ფილოსოფიის მთავარი ელემენტია – სიცილი ხუმრობისა და კომედიის გარეშე. იგი ეფუძნება პრინციპს, რომ სხეული ვერ განასხვავებს ნამდვილ და ყალბ სიცილს. ადამიანებს სიცილის დაწყებაში ეხმარება სესიის წინ ჩატარებული გასახურებელი სავარჯიშოები და დიაფრაგმით სუნთქვა.
ასევე, ცოტა ხნის წინ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს, საკმარისია ტყეში 20 წუთი გაატაროთ, რომ სტრესის დონე მნიშვნელოვნად შემცირდეს და ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.