საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ, სიცრუეა. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე თვეა სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ უფრო მეტი ანაზღაურება ერიცხებათ, ვიდრე წინა წლებში. სამინისტროს განცხადებაში ასევე საუბარია ჩოხების შესყიდვასთან დაკავშირებულ თემაზე და განმარტებულია, რომ სამოსი საპატიო ყარაულისთვის არის განკუთვნილი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებში გამოიყენება. მათ შორის საქართველოსთვის დაღუპული გმირების პატივის მიგების ცერემონიალზე.
„ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყველა პუნქტი არის ტყუილი. სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ. მოგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში. სამეთაურო რგოლის გარდა სახელფასო ანაზღაურება დამატებით გაზრდილი აქვთ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც. 2020 წელს ქართული ჯარის ისტორიაში ახალ წელს პირველად გაიცა პრემია თავდაცვის ძალების სრულ შემადგენლობაზე.
რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, ჩოხები განკუთვნილია საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. საპატიო ყარაულის ძირითადი დანიშნულება კი, საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაა. აღნიშნული სიცრუის კამპანია მიზანმიმართულია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მიღწევების დისკრედიტაციისკენ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
