სიცრუეა, თითქოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით წერილი ანონიმური იყო და დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის მიზანმიმართული სიცრუე. დირექტორი თანამდებობიდან არ გათავისუფლდა არც მინისტრის და არც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წერილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით იყო ანონიმური.
რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 101 დასკვნა. გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას და გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი. სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 22 კანონდარღვევის საქმე“, – განაცხადა ქოჩიშვილმა.
პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში უნდა მოესმინათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, რომ სხდომას მინისტრი არ დაესწრო და აღნიშნეს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე პასუხისმგებლობა მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება.
როგორც გიორგი ქოჩიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, განათლების კომიტეტზე მინისტრის მისვლის საკითხი დღის წესრიგში დღეს დადგა და მიხეილ ბატიაშვილი მზაობას გამოთქვამს კომიტეტის სხდომას დაესწროს.
„დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა, რის შესახებაც დეპუტატებისთვის ცნობილი იყო წინასწარ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ჩვენი ანგარიშისა და კონკრეტული შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის არც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული შესწავლის შედეგებზე, შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ“, – განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის N6 სკოლაში ინსპექტირების შედეგად ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.